ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ „ჯენოასთან“ (1:1) მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდი თამაშიდან ძალიან ადრე გამოეთიშა.
„მეტოქე ძალიან კარგად მოქმედებდა და ჩვენი დაუდევრობით მშვენივრად ისარგებლა. გოლის შემდეგ ბიჭებმა ალბათ მანჩესტერში გადაინაცვლეს. კონცენტრაცია დავკარგეთ გოლის დროსაც და მანამდეც, თამაშიდან კარგა ხნის გასული ვიყავით. თუმცა, ეს ფრე ჩვენთვის კარგია, ამან მიწაზე დაგვაბრუნა. სამწუხაროა, რადგან ამ თამაშის მოგებაც მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან, სეზონი ასეთი მატჩებისგან შედგება.“ – განაცხადა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ მიმდინარე სეზონში პირველი თამაში ვერ მოიგო. ტურინელებს მომდევნო შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე, სტუმრად „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ელოდებათ.