მას მეტი თანადგომა და ნდობა სჭირდება – ჩაკვეტაძე „ჰამბურგის“ მწვრთნელს მოეწონა, ის კი ბელგიაში დაბრუნდა #1TVSPORT
მას მეტი თანადგომა და ნდობა სჭირდება – ჩაკვეტაძე „ჰამბურგის“ მწვრთნელს მოეწონა, ის კი ბელგიაში დაბრუნდა #1TVSPORT

გიორგი ჩაკვეტაძემ „ჰამბურგში“ მხოლოდ ერთხელ ითამაშა და ივარჯიშა, ბოლო საწვრთნელი პროცესი კი გააცდინა და სავარაუდოდ, მეორე ბუნდესლიგის უახლოეს შეხვედრაში „დარმშტატთან“ ძირითადში არ იქნება – საქართველოს ნაკრების 22 წლის შემტევზე ინფორმაციას გერმანული გამოცემა „ჰამბურგენ მორგენ პოსტი“ ავრცელებს.

„ოთხშაბათს სათანადო ვარჯიშის ნაცვლად, გიორგი ჩაკვეტაძე „ჰამბურგთან“ ერთად არ იყო. კვირის უმძიმესი სავარჯიშო დღის გამოტოვება მოუწია, სამაგიეროდ, 22 წლის მოთამაშე „გენტთან“ იჯარის დეტალების დასაზუსტებლად ბელგიაში დაბრუნდა. აქედან გამომდინარე ცხადი უნდა იყოს, რომ ის არ იქნება „ჰამბურგის“ სასტარტო შემადგენლობაში კვირას, „დარმშტადტთან“ შეხვედრაში. თუმცა, ჯერჯერობით, მწვრთნელმა ტიმ უოლტერმა ღიად დატოვა კითხვა, ვინ უნდა შეცვალოს სონი კიტელი ამ მატჩში, რომელსაც დისკვალიფიკაცია აქვს. ახლა ამ როლში ფავორიტი დევიდ კინსომბია იმის გამო, რომ ჩაკვეტაძემ, რომელმაც ახალ გუნდში მხოლოდ ერთხელ ივარჯიშა, ახლა კიდევ ერთი ვარჯიში გამოტოვა“, – წერს გამოცემა.

გერმანული გამოცემა „ბილდი“ კი ამტკიცებს, რომ ქართველ შემტევს ახლა თანადგომა და ნდობა სჭირდება: 

ჩაკის უნდა და სჭირდება თამაში. იზეიმებს თუ არა „დარმშტადტში“ დებიუტს „გენტიდან“ გადასული 22 წლის გიორგი ჩაკვეტაძე? გუნდის მწვრთნელი ტიმ უოლტერი ქართველით ნამდვილად აღფრთოვანებულია. ის ამბობს, რომ გიორგი კარგია ბურთთან, მაგრამ დაცვაში უფრო ბევრი უნდა იმუშაოს, მაგრამ იქვე ამბობს, რომ საამისოდ ჩაკვეტაძე მზადაა. თუმცა, სავარაუდოდ, სონი კიტელის შემცვლელად უპირატესობას მიანიჭებენ არა ქართველს, არამედ, დევიდ კინსომბის. „ჩაკი“ კი კვირას მოედანზე შეცვლაზე შესვლის შანსს მიიღებს“.

ამავე დროს, „ბილდი“ „ჰამბურგის“ მწვრთნელის კომენტარს აქვეყნებს: 

„არა მგონია, რომ მას ახლა მთელი თამაშის ჩატარება შეუძლია, მაგრამ ვფიქრობ, რომ თუ ის მოედანზე გავა, შეტევაში იმპულსის შექმნას შეძლებს. მას ვარჯიში და თამაში ენატრება. შეიძლება ითქვას, რომ დიდი ხანია არ უთამაშია. მას უბრალოდ ცოტა მეტი თანადგომა და ნდობა სჭირდება“.