4-5 დეკემბერს მარტყოფის რაგბის სტადიონი 17-წლამდე მორაგბეთა 12-გუნდა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს რაგბი 7-ში.
საქართველოს რაგბის კავშირი სამხრეთ აფრიკელებთან წლებია თანამშრომლობს და School Travel and Sport-ის ორგანიზებით, ჩვენს ქვეყანას არაერთი სამხრეთ აფრიკული გუნდი ეწვია. ამჯერად თბილისში 17-წლამდე მორაგბეთა სამი 7-კაცა გუნდი ჩამოდის, რომლებიც ‘ლომების’, ‘მარტორქებისა’ და ‘ლეოპარდების’ სახელით, მარტყოფის საერთაშორისო ტურნირს ითამაშებენ.
სამხრეთ აფრიკაში 7-კაცა რაგბი დიდ აღმავლობას განიცდის და მსოფლიო რაგბის სერიის ბოლო ორი წლის გამარჯვებული სწორედ ამ ქვეყნის ნაკრები გახდა. იქ რეგულარულად ტარდება მასობრივი ტურნირები 7-კაცა რაგბში და საქართველოში წამომსვლელი გუნდებიც სამხრეთ აფრიკის სასკოლო ჩემპიონატების შედეგების მიხედვით დაკომპლექტდა. სელექციის პროცესი რამდენიმე თვეს გაგრძელდა და თბილისში ისეთი მორაგბეებიც მოდიან, რომლებიც უკვე არიან ასაკობრივი პროვინციის ნაკრებების წევრები.
7-კაცა რაგბის ტრადიციის მიხედვით, ტურნირში 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. თბილისის „მერიის თასზე“ ნაჩვენები შედეგების მიხედვით 7 მოწინავე გუნდი შეირჩა. ერთადერთი, ვინც მათგან მარტყოფში ვერ მოდის ქუთაისის ‘აიაა’ და ის ‘აკადემიამ’ ჩაანაცვლა. ამრიგად, ტურნირში 3 აფრიკულ კრებულთან ერთად ‘ხვამლი’, ‘ლელო-სარასენსი’, ‘კოლხი რაინდები’ (ფოთი), ‘ხარები’ (რუსთავი), ‘ჯიქი’, ‘ლოკომოტივი’ და ‘აკადემია’ ითამაშებენ. მათ ემატება რაგბის ეროვნული აკადემიის ორი გუნდი – ისნის და მუხიანის ფილიალების, რომლის შემადგენლობაში ის გამორჩეული ბიჭებიც ითამაშებენ, რომელთა კლუბები ამ ტურნირზე ვერ მოხვდნენ. აღსანიშნავია, რომ „თბილისის თასზე“ მათ მესამე-მეოთხე ადგილები დაიკავეს.
გუნდები სამ ოთხგუნდა ჯგუფში არიან განაწილებული და პირველ დღეს ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 12 საათზე დაიწყება. თითოეული ჯგუფის ორ-ორი მოწინავე და ორიც საუკეთესო მესამეადგილოსანი (ჯამში 8 გუნდი), 5 დეკემბერს ფლეი ოფებში თასისთვის გააგრძელებენ ბრძოლას, ხოლო დანარჩენი ოთხი მე-9 ადგილისთვის იბრძოლებს. ფლეი ოფებიც 12 საათზე იწყება და მატჩები ორივე დღეს პარალელურად, ორ მოედანზე გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 18-წლამდე მორაგბეთა 7-კაცა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, საქართველოში მე-8 7-კაცა ტურნირი ტარდება, რაც სამომავლოდ ჩვენი 18-წლამდელთა 7-კაცას დაკომპლექტებას გააადვილებს, რადგან თითოეულ კანდიდატს უშულოდ 7-კაცაში 30 თამაში ექნება ჩატარებული და მწვრთნელებიც არჩევანს 7-კაცას სპეციფიკიდან გამომდინარე გააკეთებენ.