„დიდი სლემის“ ტურნირების თვრამეტგზის გამარჯვებულმა ლეგენდარულმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა მარტინა ნავრატილოვამ სერენა უილიამსი მკაცრად გააკრიტიკა. გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ვეტერანმა სპორტსმენმა განაცხადა, რომ არავინ არასოდეს უნდა მოიქცეს კორტზე ისე, როგორც სერენა მოიქცა ამერიკის ღია პირველობის ფინალის დროს.
შეგახსენებთ, რომ უილიამსი უკმაყოფილო დარჩა კარლოს რამოსის მსაჯობით და მას შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მიმართა, რასაც მსაჯის მხრიდან ჩოგბურთელისთვის მაქსიმალური სასჯელის გამოტანა მოჰყვა: გამარჯვება ფინალში სერენას მოწინააღმდეგეს მიეკუთვნა, თავად უილიამსი კი 17 000 ამერიკული დოლარით დაჯარიმდა.
ამის შემდეგ, უილიამსმა რამდენიმე ინტერვიუში განაცხადა, რომ რამოსი ასეთ სასჯელს მამაკაცის წინააღმდეგ არ გამოიტანდა და რომ ჩოგბურთში გენდერული შოვინიზმი მძვინვარებს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩოგბურთელის მოსაზრებას „ქალთა ჩოგბურთის ასოციაციაც“ (WTA) ეთანხმება, ნავრატილოვას მიაჩნია, რომ გენდერულ შოვინიზმზე საუბარი უადგილოა.
„არ შეიძლება ადამიანმა იფიქრო, რომ ყველაფერი გეპატიება. მეც მქონია ისეთი მომენტები, როდესაც ჩოგნის დამსხვრევა მინდოდა, მაგრამ მახსენდებოდა, რომ ბავშვები მიყურებდნენ და თავს ვიკავებდი“, – ამბობს ვეტერანი ჩოგბურთელი, – „მე რომ ასე მოვქცეულიყავი, ნამდვილად ღირსი ვიქნებოდი იმ ყველაფრის, რაც სერენას დაემართა“.
ნავრატილოვა უილიამსს ერთ საკითხში მაინც ეთანხმება: ხშირად ჩოგბურთში და ზოგადად სპორტში მამაკაცებს უფრო მეტი ეპატიებათ, ვიდრე ქალებს.
„ნამდვილად ხდება ისე, რომ ქალები უფრო მკაცრად ისჯებიან, ვიდრე კაცები, მაგრამ მთავარი ის კი არ არის, რომ ქალებსაც ეპატიებოდეთ ის, რაც მამაკაცებს ეპატიებათ, არამედ ის, რომ ყველანი მაქსიმალურად ვეცადოთ, პატივი ვცეთ სპორტის იმ სახეობას, რომელიც ასე გვიყვარს“, – ასკვნის ნავრატილოვა.