მარსელოს, ბეილისა და აზარის „ბარსელონასთან“ თამაში საეჭვოა - ზიდანი გამოსავალს ეძებს
მადრიდის „რეალი“ წლევანდელი სეზონის პირველ „ელ კლასიკოს“ სერიოზული დანაკარგებით ხვდება.
ესპანური გამოცემა „მუნდო დეპორტივო“ იტყობინება, რომ ხუთშაბათის ვარჯიშის დროს ედენ აზარი, მარსელო და გარეთ ბეილი დაშავდნენ და, გარდა ამისა, მოედანზე ვერ იქნებიან მარკო ასენსიო, ლუკას ვასკესი და ხამესი.
ირკვევა, რომ ამ ექვსი მოთამაშიდან კამპ ნოუზე გასვლის შანსი მხოლოდ ერთს, გარეთ ბეილს აქვს დარჩენილი, თუმცა სამეფო კლუბში შიშობენ, რომ ამის ალბათობა ძალიან მცირეა.
ამ პრობლემებამდე ზიდანის იდეა 4-4-2 სქემით თამაში და თავდასხმაში ბეილისა და ბენზემას დაყენება იყო, ახლა კი მას სერიოზული ფიქრი მოუწევს, თუ ვინ უნდა შეცვალოს უელსელი.
„მუნდო დეპორტივოს“ ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ უპირველესი კანდიდატები როდრიგო და ვინისიუში არიან.
წლევანდელი სეზონის პირველი მატჩი „ბარსელონასა“ და „რეალ მადრიდს“ შორის 18 დეკემბერს სტადიონ „კამპ ნოუზე“ გაიმართება.