მარსელინო - „თანამდებობიდან სამეფო თასის მოგების გამო გამანთავისუფლეს“
„ვალენსიას“ აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი მარსელინო გარსია ტორალი აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ მისი თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი გასულ სეზონში „კოპა დელ რეის“ (ესპანეთის სამეფო თასი) მოგება გახდა. ეს უცნაური განცხადება ესპანელმა სპეციალისტმა პრეს-კონფერენციაზე გააკეთა.
„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი თანამდებობიდან მოხსნა სწორედ თასის მოგებამ გამოიწვია. სეზონის განმავლობაში ჩვენ რამდენჯერმე მივიღეთ გზავნილი, რომ თასზე უარი უნდა გვეთქვა და უფრო ლიგაზე ვყოფილიყავით კონცენტრირებულნი. მაგრამ გულშემატკივრებს სურდათ, რომ ბოლომდე გვებრძოლა, ისევე როგორც ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს. ამ წარმატების შემდეგ, კლუბის მფლობელისგან მოლოცვა ერთხელაც არ მიგვიღია“, – აცხადებს მარსელინო.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 26 მაისს, სევილიაში გამართულ თასის ფინალში, ვალენსიამ ბარსელონა 2-1 დაამარცხა, ჩემპიონატში კი გუნდმა მეოთხე ადგილი დაიკავა.