მაროკო-ირანი: მატჩის ანონსი
მაროკო-ირანი: მატჩის ანონსი

15 ივნისი. სანკტ-პეტერბურგი. სტადიონი “კრესტოვსკი”. დასაწყისი – 19:00
მსაჯი: ჯიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)

მაროკო და ირანი ჯგუფური ეტაპის B ჯგუფს გახსნიან და ისინი ერთმანეთში “ექვსი ქულისთვის” ითამაშებენ. მაროკოს ნაკრებს 20 წელია არ უთამაშია მსოფლიოს ჩემპიონატზე, ირანისთვის კი ეს ზედიზედ მეორე მუნდიალია. ყველა ელოდება, რომ ორივეს მხოლოდ სამ-სამი მატჩის ჩატარება მოუწევს ტურნირზე, რადგან B ჯგუფში აშკარა ფავორიტები – ესპანეთი და პორტუგალია არიან.

მაროკო ერთადერთი გუნდია აფრიკის შესარჩევ ტურნირში, რომელმაც არც ერთი გოლი არ გაუშვა. “ატლასის ლომები” ძალიან შეწყობილად მოქმედებენ დაცვაში, აგრეთვე, ცდილობენ შეტევაში გადასვლას ბურთის სწრაფი კონტროლის ხარჯზე.

ირანი მეხუთედ თამაშობს მსოფლიოს ჩემპიონატზე და ეს გუნდი ჯერ პლეი ოფში არ გასული. ამჯერადაც, შანსები მინიმალურია, მაგრამ ფეხბურთელებს აქვთ მოტივაცია – თავი არ შეირცხვინონ და ქულები აიღონ მაროკოს წინააღმდეგ. საქმე ისაა, რომ გუნდის დამრიგებელი კარლუშ კეირუში დატოვებს ირანის მწვრთნელის პოსტს მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ. პორტუგალიელმა ამ თანამდებობაზე შვიდი წელი იმუშავა.

ურთიერთშეხვედრები
მაროკო და ირანი პირველად შეხვდებიან ერთმანეთს.

საინტერესო ფაქტები

– მაროკო 18 მატჩია არ მარცხდება. უფრო გრძელი წაუგებელი სერია აქვთ: ესპანეთს (20 თამაში) და ბელგიას (19).
– მაროკო ყველაზე ხშირად ასრულებდა აფრიკის შესარჩევში გრძელ პასებს – საშუალოდ 49-ს მატჩში.
– მაროკოელებს საშუალოდ თამაშში 45 ართმევა ჰქონდათ. ამ მაჩვენებლით მხოლოდ ნიგერიას (46) ჩამორჩნენ.
– ირანის ნაკრების ფორვარდმა აზმუნმა კვალიფიკაციაში 11 გოლი გაიტანა (ყველა თამაშიდან) და მონაწილეობა მიიღო თავისი გუნდის საგოლე შეტევების 42 პროცენტში.
– თავის საჯარიმოში და მის მიმდებარე ზონებში ირანი ორთაბრძოლების 73 პროცენტს იგებს.

რა თქვეს მწვრთნელებმა

ევრე რენარი (მაროკო):
“მაროკოსა და ირანის მატჩში ვინც უფრო ძლიერი იქნება ფსიქოლოგიურად, ის დარჩება მოგებული. ვფიქრობ, ჩატარებული სამუშაო ძალიან სასარგებლო იყო ჩემი შეგირდებისთვის. ამხანაგური მატჩების შედეგებს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს – ისინი არ უკავშირდება მომავალ მატჩებს”.

კარლუშ კეირუში (ირანი):
“პირველი მატჩი, როგორც პირველი სიყვარული – განსაკუთრებულია. ორივე გუნდს უნდა მოგება. ჩვენ ბოლომდე მზად ვართ თამაშისთვის, მოუთმენლად ველოდებით მინდორზე გასვლას და შესანიშნავი გუნდის წინააღმდეგ თამაშს. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც შესანიშნავად გამოსდით მოქმედება მოედნის ცენტრში და შეტევაში. მეტოქის ნახევარზე ძალიან აქტიური გუნდი გვყავს, ამიტომაც, მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობთ”.

სავარაუდო შემადგენლობები

მაროკო (4-5-1): ელ კაჯუი – მენდილი, საისი, ბენატია, ჰაკიმი – ზიეში, ბუსუფა, ბელანდა, ელ-აჰმადი, ამრაბატი – ბუტაიბი.

ირანი (4-4-2): ბეირავანდი – მოჰამადი, პურალიგანჯი, ჩეშმი, მონთარეზი – შოჯაეი, ჰაჯი საფი, ებრაჰიმი – ამირი, აზმუნი, ჯაჰანბაჰში.

ბუკმეიკერთა პროგნოზი

ბუკმეიკერთა პროგნოზებით, მატჩის ფავორიტია მაროკო. მის მოგებაზე ფსონია – 2.2, ირანის მოგებაზე – 3.75. ფრე ფასდება კოეფიციენტით – 2.9.