ორი სიახლეა საქართველოს საკალათბურთო ნაკრებში: ერთი კარგი და ერთიც – ცუდი.
ცუდი ის არის, რომ სერბეთთან და ავსტრიასთან მატჩში გუნდს მანუჩარ მარკოიშვილი ვერ დაეხმარება. მას ძველმა ტრავმამ შეახსენა თავი და ექიმებთან კონსულტაციია გავლის შემდეგ მისი თამაში გამოირიცხა. რაც შეეხება კარგ სიახლეს, დღეს თბილისში თორნიკე შენგელია ჩამოფრინდა და უკვე დილის 11 საათიდან გუნდთან ერთად ივარჯიშა.
„იმ პროცედურების შემდეგ, რაც მაისის ბოლოს ჩავიტარე, იმედი მქონდა, რომ ნატკენ ფეხს საბოლოოდ თუ არ მოვირჩნდი, ნაკრების მატჩებში მაინც ვითამაშებდი, მაგრამ… ინექციას, რომელიც გერმანიაში 26 მაისს გავიკეთე, ექიმების თქმით, მაქსიმალური ეფექტი 4 – 6 კვირის შემდეგ უნდა მოეცა. ჯერ 6 კვირა არ გასულა, თუმცა ტკივილები არ გამნელებია. ვერ ვახერხებ სირბილს და ხტომას. როცა მეგონა, ტრენაჟორებიდან ვარჯიშს სირბილსაც დავამატებ თქო, ექიმებმა პირიქით – ვარჯიშების შემსუბუქება მირჩიეს. ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, რადგან არ მეძლევა საშუალება, ასეთ მნიშვნელოვან მომენტში ჩვენს ნაკრებს დავეხმარო. საქმე ისეთ კრიტიკულ დონემდეა მისული, რომ თუკი ამ ინექციამ შედეგი არც უახლოეს კვირეებში გამოიღო, ოპერაციის გაკეთება იქნება საჭირო. კიდევ ერთი ოპერაცია კი ჩემთვის კარიერის დასრულებას ნიშნავს. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემს მზადყოფნას, დავეხმარო ნაკრებს, მაგრამ ამ რეალობაში ეს სამწუხაროდ შეუძლებელია”, აცხადებს მარკოიშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები სერბეთის ეროვნულ გუნდს 29 ივნისს დაუპირისპირდება, ხოლო ავსტრიას – 2 ივლისს. ორივე მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.