მარკო მატერაცი - იტალიაში ზიდანის გამო მაკრიტიკებდნენ, არადა ჩემს ნაკვალევს უნდა კოცნიდნენ
იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა მარკო მატერაციმ მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ფინალში ზინედინ ზიდანთან მომხდარ ინციდენტზე ილაპარაკა, კერძოდ, გაიხსენა სამშობლოში ამ სკანდალურ ამბავზე იტალიელების რეაქცია.
„ზიდანს საფრანგეთში ყველა იცავდა, მე კი საკუთარი თანამემამულეები მაკრიტიკებდნენ. არ შემიძლია მათ ნამდვილი იტალიელები ვუწოდო. მე პატრიოტი ვარ, ყოველთვის ვიცავ ჩვენი ქვეყნის ღირსებას.
მათმა კრიტიკამ ძალიან მატკინა გული მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ.
ამ ხალხმა საკუთარი თვალებით ნახა, როგორ გავათანაბრე ანგარიში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში. მათ მიწა უნდა კოცნონ, რომელზეც მე დავდივარ“, – თქვა მატერაციმ „ინსტაგრამში“ მოწყობილ პირდაპირ ეთერში.
მარკო მატერაციმ მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ფინალის 110-ე წუთზე ზინედინ ზიდანის პროვოცირება მოახდინა. ფრანგმა იტალიელს მკერდში თავი ჩაარტყა და ამის გამო წითელი ბარათი მიიღო. ფინალი იტალიამ პენალტების სერიაში მოიგო.