მარკო მატერაცი და მისი მოსწავლეები
მარკო მატერაცი და მისი მოსწავლეები

„ჯანდაბა, ზიდანმა მატერაცის თავი ჩაარტყა! ვიდეოს ნახავ და არ დაიჯერებ!“ – გაიგონა ყურსასმენში ასისტენტის სიტყვები მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ფინალის მსაჯმა ორასიო ელისონდომ. ერთი წუთის შემდეგ, არგენტინელმა ზინედინ ზიდანი გააძევა, კიდევ ნახევარი საათის შემდეგ კი იტალიამ საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა. იმ ღამეს, მატერაციმ არა მხოლოდ ათასობით ბავშვი აატირა, არამედ ახალი ტრენდიც ჩაუშვა: გამარჯვებისთვის საჭიროა შეგნებულ ნაძირლობაზე წასვლა.

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ გიჟები და არამზადები ფეხბურთს ყოველთვის თამაშობდნენ – ვინი ჯონსი მოწინააღმდეგეებს სასქესო ორგანოზე კიდებდა ხელს, ერიკ კანტონა ბრბოში ჩხუბით შედიოდა, ჯენარო გატუზო მეტოქეებს ფეხებსა და თვითშეფასებას უმსხვრევდა… ეს წამიერი ემოციები იყო, რასაც ფეხბურთელები შემდეგ ნანობდნენ. მაგრამ მატერაცის შემთხვევაში ლაპარაკია ცივი გონებით გათვლასა და დაგეგმილ უღირს საქციელზე – მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზე სწორედ ასე იყო. იტალიელმა ტოპ-კლუბებში არამზადას ამპლუა მისაღები და პოპულარული გახადა.

109-ე წუთზე მატერაცი და ზიდანი მაღალი ბურთისთვის იბრძოდნენ, იტალიელმა მეტოქეს მაისურზე მოქაჩა და ფრანგისგან ხუმრობა დაიმსახურა: „თუ ასე ძალიან გინდა ჩემი მაისური, მატჩის შემდეგ მოგცემ”. პასუხად იტალიელმა რამდენჯერმე გაიმეორა: „შენი მეძავი და მირჩევნია”. ზიდანი გაჩერდა, შემობრუნდა და გააკეთა ის, რაც ასე უსიამოვნო თუნდაც 14 წლის შემდეგ.

„ჩემი სიტყვები იდიოტურია, მაგრამ ამგვარი რეაქცია არ დაუმსახურებია. რაღაც გაცილებით უარესი შეიძლება გაიგონო რომის, ნეაპოლის, ტურინის, მილანის ან პარიზის ყოველ კვარტალში”, – გაოცებას თამაშობდა მარკო. შეიძლებოდა მის ნათქვამს დათანხმებოდი, ამ შეურაცხყოფას კავშირი რომ არ ჰქონოდა ზიზუს მემკვიდრეობასთან.

საქმე ისაა, რომ ზიდანის მამა სმაილი 17 წლის ასაკში, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პერიოდში გაიქცა ალჟირიდან მარსელში. იქ ბიჭმა მალიკაზე იქორწინა, და მათ ოთხი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ეყოლათ. მაგრამ მატერაცის სიტყვებს ზინედინი საკუთარი დის გამო არ გაუღიზიანებია: მისი დედ-მამა ბიძაშვილები იყვნენ. ფინალიდან სამი დღის შემდეგ, ზიდანმა თქვა, რომ შეურაცხყოფა ეხებოდა მის დას და დედას, მატერაცი კი ჯიუტად იმეორებდა, რომ მხოლოდ დას. მატერაცის ეს რომც არ სცოდნოდა, პროვოკაციამ 200 პროცენტით გაამართლა.

როგორც მცველმა, მან ბრწყინვალედ იმოქმედა: გაანეიტრალა ყველაზე მნიშვნელოვანი მეტოქე, რისი წყალობითაც იტალიამ მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. თითქოს, ეს მდაბიო საქციელი მხოლოდ დაგმობას იმსახურებს, მაგრამ ამის ნაცვლად, მომდევნო ათწლეულებში ამგვარი უმსგავსობა სტრატეგიის ერთ-ერთ მთავარ ელემენტად გადაიქცა, ხოლო დეკადის საუკეთესო მოთამაშეთა შორის ბევრი – უბრალოდ, არამზადად გადაიქცა.

ჟოზე მორინიო ყველანაირად ახალისებდა დიეგო კოშტას უმსგავსო საქციელს „ჩელსიში“. როცა ესპანელმა ორი ჩხუბი მოაწყო „არსენალთან“ (2:0) მატჩში  და წითელი ბარათის გარეშე გამოძვრა, ჟოზემ თქვა: „კოშტა თამაშობდა ისე, როგორც საჭირო იყო. სწორედ ასეთი თამაში ავსებს სტადიონებს და საშუალებას აძლევს ტელეკომპანიებს სარფიანად გაყიდონ ტრანსლიაციები. დიეგომ ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა და ჩემი აზრით, საუკეთესო მოთამაშის ტიტულს იმსახურებს“.

თავად მოურინიო რეგულარულად ეწევა თავისი მოწინააღმდეგეების პროვოცირებას. მაგალითად, მივიდა როი კინთან წაგებისთვის მადლობის სათქმელად, თუმცა მატჩი ჯერ დამთავრებული არ იყო; ურჩევდა სერხიო რამოსს გაძევებაზე ეთამაშა, რათა პლეი ოფისთვის ბარათები განულებულიყო; ვან გაალის ზურგსუკან ექვსგვერდიანი წერილი მისწერა ედ ვუდვორდს, რომელსაც „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ ჰოლანდიელის გაშვებისკენ და მისი დანიშვნისკენ აქეზებდა; იმისთვის, რომ ანტონიო კონტე წყობიდან გამოეყვანა, ჟოზე იტალიელს სიმელოტესა და ჩაწყობილ თამაშებს ახსენებდა.

მატერაცის მსგავს შეურაცხყოფებს ხმარობდა ლუის სუარესი. მაგალითად, პატრის ევრას წყობიდან გამოსაყვანად, ურუგვაელმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველს დაუძახა – negro.

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მატერაცის გამოხტომის შემდეგ, ნაძირლების რიცხვი ძალიან გრძელი გახდა: მარკ ვან ბომელი მსაჯების ზურგსუკან ეწეოდა მეტოქეების პროვოცირებას, პეპე თავში ურტყამდა მოწინააღმდეგეებს, სერხიო ბუსკეტსმა და დავიდ ლუიშმა სიმულაცია ხელოვნებად აქციეს, პოლ პოგბა სახეში შეფურთხებით აბრაზებდა მეტოქეებს, გონსალო ხარა მოწინააღმდეგეებს ანუსში თითს ურჭობდა…

ცუდი ბიჭების მოდა ათიანებში გახდა პოპულარული, მაგრამ ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო. მას შემდეგ თითქმის 15 წელი გავიდა და ისინი, ვინც დღეს ლოკალურ გამარჯვებებს უმსგავსობებით აღწევენ, საშუალება აქვთ გმირების კარიერას გადაავლონ თვალი. ზინედინ ზიდანი დიადი ფეხბურთელიდან დიად მწვრთნელად იქცა, მარკო მატერაციამ კი დაწერა სახუმარო წიგნი იმაზე, რა უთხრა ზიზიუს იმ ღამით. ამაშია განსხვავება. მდაბიო საქციელმა იტალიელს ერთი სტრიქონი მოუტანა „ვიკიპედიაში“ – მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი. ზიდანის ხასიათი და ნიჭი კი დღემდე უზრუნველყოფს მას ფულით, დიდებითა და ოცნების სამუშაოთი.