მარკინიოსი - პროვოკაცია ერლინგ ჰოლანდის წინააღმდეგ ნეიმარმა წინასწარ დაგეგმა
„პარი სენ-ჟერმენის“ მცველი მარკინიოსი ამბობს, რომ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მერვედფინალურ მატჩში ერლინგ ჰოლანდის წინააღმდეგ პროვოკაცია ნეიმარს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი.
„მას ეს ძალიან უყვარს. ნეიმარი ერღთი რიგითი ფეხბურთელი არ არის და პროვოკაციებზე ყოველთვის შესაბამისად რეაგირებს. გოლი რომ გაიტანა, ჩემთან მოვიდა და მითხრა, თამაშის ბოლომდე დაიცადე და არ გამაჩეროო“, – მოჰყავს მარკინიოსის სიტყვები „გოლს“.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში დორტმუნდის „ბორუსიამ“ „პარი სენ-ჟერმენი“ საკუთარ მოედანზე 2-1 დაამარცხა და ორივე გოლი ერლინგ ჰოლანდმა გაიტანა. განმეორებითი მატჩის წინ კი ნორვეგიელმა სოციალური ქსელის საშუალებით პარიზელებს შემდეგი მესიჯი გაუგზავნა: „პარიზი ჩემი ქალაქია და არა თქვენი“.
პარიზში გამართული შეხვედრა საბოლოოდ მასპინძელთ გამარჯვებით, 2-0 დასრულდა, ნეიმარი კი, 28-ე წუთზე გატანილი გოლის შედეგ, მედიტაციის პოზაში დაჯდა, როგორც ამას ჰოლანდი აკეთებს ხოლმე. მატჩი რომ დასრულდა, იგივე მთელმა გუნდმა გაიმეორა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშება კორონავირუსის პანდემიის გამო განუსაზღვრელი ვადით შეწყდა.