მარკევიჩი ცხადაძის ადგილზე მუშაობას გამორიცხავს
მარკევიჩი ცხადაძის ადგილზე მუშაობას გამორიცხავს
მირონ მარკევიჩმა კატეგორიულად უარყო ყაზახურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს ყაზახური ფეხბურთის ერთ-ერთ ლიდერ კლუბს ჩაიბარებს.
 
ყაზახური მედიის ცნობით, შესაძლოა ეს კლუბი შიმკენტის „ორდაბასი“ იყოს, სადაც მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძეა. „ვესტის“ ცნობით, მალე ქართველი სხვა კლუბში გადავა.
ამჟამად მარკევიჩი უკრაინის ფეხბურთის ფედერაციაში სანაკრებო კომიტეტის ხელმძღვანელია. მან ჭორები ყაზახურ გამოცემა „სპორტსთან“ ხუმრობანარევი კომენტარით გააბათილა.
„იყო შეთავაზებები, მაგრამ უარი ვთქვი. ვინ შემომთავაზა? იქნებ ისიც გითხრათ, ვისთან მეძინა? სამწვრთნელო საქმიანობაში დასაბრუნებლად მზად ვარ, მაგრამ ეს სერიოზული პროექტი უნდა იყოს. ყაზახეთში კი ასეთი პროექტი რომელ კლუბებში აქვთ? ყაზახეთის ჩემპიონმა „ასტანამ“ ევროპა ლიგაზე საშუალო დონის ჰოლანდიურ კლუბ „ალკმაართან“ ორ შეხვედრაში 11 გოლი გაუშვა და რაზე ვსაუბრობთ?“ – ამბობს მარკევიჩი.
გამოცდილი სპეციალისტი უკრაინის ნაკრების, ხარკოვის „მეტალისტისა“ და „დნიპროს“ მთავარი მწვრთნელი იყო. ის დღემდე ვინიცას საფეხბურთო სკოლას ეხმარება. მისი ხელმძღვანელობით „დნიპრო“ (სადაც ჯაბა კანკავა თამაშობდა) 2015 წელს ევროპის ლიგის ფინალში გავიდა და წარმატება რუსეთის ოკუპაციის წიანააღმდეგ მებრძოლ უკრაინელ მებრძოლებს მიუძღვნა.