მარკერით გაფორმებული მაისურები ახალ დიზაინად წარადგინეს - კვარაცხელიას თანაგუნდელებმა საკუთარ შელახულ ფორმაზე იხუმრეს #1TVSPORT
მარკერით გაფორმებული მაისურები ახალ დიზაინად წარადგინეს - კვარაცხელიას თანაგუნდელებმა საკუთარ შელახულ ფორმაზე იხუმრეს #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის, ყაზანის „რუბინის“ პიარ-სამსახური საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთი კრეატიული რომ არის, კიდევ ერთხელ დაამტკიცა – ყაზანელებმა სახალისო კლიპების შემდეგ საკუთარ შელახულ მაისურებს თავად დასცინეს.

საქმე ისაა, რომ უეფა-ს კონფერენს ლიგის მე-3 შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში ყაზანელებს კურიოზული ამბავი შეემთხვათ – „რუბინი“ პოლონურ „რაკუვს“ ესტუმრა, მატჩისას გაწვიმდა და მოთამაშეებს ფორმებზე გვარები და ნომრები წაეშალათ, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას.

ყაზანელებმა შეხვედრა ახალ, ოქროსფერ ფორმაში დაიწყეს, რომელმაც წვიმის ზემოქმედებას ვერ გაუძლო. შედეგად, ფეხბურთელების მაისურებზე ამოტვიფრული გვარების ასოების ნაწილი ჩამოერეცხათ, ქართველ თავდამსხმელს კი მაისურზე მხოლოდ რამდენიმე ასო დარჩა.

ამის გამო თამაშის მეორე ტაიმის დაწყებამ რამდენიმე წუთით გადაიწია და გაირკვა, რომ „რუბინის“ მოთამაშეებმა გვარები და ნომრები მარკერებით მიახატეს. მომხდარს თავად ყაზანური კლუბი იუმორით გამოეხმაურა.

კლუბის სამმა მოთამაშემ, ხორვატმა ფილიპ ურემოვიჩმა, სერბმა ჯორჯ დესპოტოვიჩმა და შვეიცარიელმა დარკო იევტიჩმა მარკერებით მოხატული მაისურები წარმოადგინეს – კლუბის ცნობით, ეს ახალი დიზაინით შექმნილი „რუბინის“ მაისურებია. ცხადია, ეს ხუმრობა იყო, რაზეც მოთამაშეების სახეები მეტყველებს.