„მარკას“ ინფორმაციით, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა მადრიდის „რეალში“ გადასვლა გადაწყვიტა #1TVSPORT
„ლივერპულისა“ და ინგლისის ნაკრების მარჯვენა მცველმა, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა მადრიდის „რეალში“ გადასვლა გადაწყვიტა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „მარკა“ ავრცელებს.
ალექსანდერ-არნოლდს „ლივერპულთან“ მოქმედი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, 2025 წლის ივნისში ეწურება, რის შემდეგაც ის თავისუფალი აგენტი გახდება და „რეალს“ მის სანაცვლოდ თანხის გადახდა არ მოუწევს.
26 წლის ფეხბურთელი „ლივერპულის“ აკადემიის აღზრდილია და მთელი კარიერა ინგლისური ფეხბურთის გრანდში გაატარა. მან გუნდთან ერთად რვა ტიტული მოიგო.
რამდენიმე წყარო იმასაც იუწყება, რომ ალექსანდერ-არნოლდის გადაწყვეტილებაში დიდი როლი ითამაშა ინგლისის ნაკრებში მისმა თანაგუნდელმა ჯუდ ბელინგემმა, რომელიც „რეალის“ წევრია.