„მარკა“ - სილესენის პრობლემებს ახლა მამარდაშვილიც დაემატა #1TVSPORT
პოპულარულმა ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ „ვალენსიას“ და ნიდერლანდების ნაკრების მეკარის, იასპერ სილესენის შესახებ წერილი გამოაქვეყნა, სადაც მისი ბოლო პერიოდის გამოულეველი პრობლემები დაასახელა, რომელთაც გიორგი მამარდაშვილიც დაემატა. ქართველი მეკარე ზედიზედ 4 მატჩია „ვალენსიას“ ძირითად შემადგენლობაში ხვდება და შეიძლება იქთავს, რომ გამოცდილ კიპერს „მესტალიელთა“ პირველი ნომრობა წაართვა.
დარტყმები არ წყდება: ტრავმები, კოვიდი, ვან გაალი და ახლა მამარდაშვილიც
„მეკარე ნეგატიურ სპირალშია, საიდანაც ვერ გამოდის. ხოსე ბორდალასი მას დაელაპარაკება და შეეცადა, გაემხნევებინა. სილესენი მოვიდა „ვალენსიაში“, რადგან „ბარსელონაში“ თამაში არ ეღირსა. პირველ სეზონში მან ჩაატარა 30 მატჩი. 10 მატჩი სხვადასხვა მცირე დაზიანებების გამო გამოტოვა. მაგრამ როგორც ჩანდა, ყველაფერი წარსულს ბარდებოდა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე წარუმატებლობას.
დიდი პრობლემები გასულ სეზონში დაეწყო, როდესაც ტრავმების სენი შეეყარა. კუნთების გაწყვეტამ კი მინდორი რამდენიმე თვის განმავლობაში დაატოვებინა. მერე ხუთი თამაში ჩაატარა და მუხლის ტრავმამ კიდევ თვენახევარი დაასვენა. ცდილობდა გამოჯანმრთელებას, რაც მოახერხა და ნიდერლანდების ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე უნდა წასულიყო.
ამის შემდეგ კი კიდევ ერთი დარტყმა მიიღო. როგორც კი ნაკრებიდან ზარი გაისმა, იმ დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა. განსხვავებით ნაკრების სხვა მოთამაშეებისაგან, რომლებიც იმავე ვითარებაში აღმოჩნდნენ, ვან გაალმა ის გვერდით გასწია და „ნავიდან“ ჩამოსვა.
„არასოდეს მიგრძვნია თავი ასე ცუდად“, – თქვა სილესენმა.
ის დაბრუნდა „ვალენსიაში“ და ისევ დაშავდა. არაფერი ისეთი არ მომხდარა, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ 21 წლის ქართველი მამარდაშვილი არსაიდან გამოჩენილიყო და ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ოთხ მატჩში ნიდერლანდელი სათადარიგოთა სკამზე გააგზავნა. კიდევ ერთი დარტყმა … მათი რაოდენობა კი უკვე ბევრია. ორშაბათს ბორდალასმა მასთან დიდხანს ისაუბრა იასპერის მდგომარეობაზე და შეეცადა, რომ ის მორალურად არ განადგურებულიყო.“
„ვალენსია“ ესპანეთის ჩემპიონატის შემდეგ მატჩს მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ კვირას, 19 სექტემბერს გამართავს და დიდი ალბათობით, მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაში იქნება. 4 ტურის შემდეგ ბორდალასის გუნდს 10 ქულა აქვს და სამეფო კლუბთან და მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ერთად სატურნირო ცხრილს ლიდერობს.