„მარკა“ კვარაცხელიაზე - მან დუბლით სატრანსფერო ბაზარზე საკუთარი გვარი გააჟღერა #1TVSPORT
შვედეთის ნაკრებთან საქართველოს ეროვნული გუნდის გამარჯვებამ (2:0) განსაკუთრებით ესპანელები გაახარა, რომლებმაც ამით ისარგებლეს და მსოფლიო ჩემპიონატის „ბ“ შესარჩევ ჯგუფში პირველ ადგილზე დაწინაურდნენ. ამავე დღეს ესპანელებმა საბერძნეთი გასვლაზე 1:0 დაამარცხეს.
ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ ბათუმის მატჩის გმირის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დაწერა. ესპანელმა ჟურნალისტებმა გაიხსენეს, რომ მისი საყვარელი კლუბი მადრიდის „რეალია“.
„კვარაცხელია, ესპანეთის საუკეთესო მეგობარი, მადრიდის „რეალზე“ მეოცნებე, შვედეთთან დუბლის ავტორია. ხვიჩა კვარაცხელია ესპანეთის ეროვნული ნაკრების საუკეთესო მეგობარი გახდა. შვედეთის წინააღმდეგ გატანილი ორი გოლით, მან ესპანეთს მისცა შანსი, რომ ჯგუფში გაიმარჯვოს და ყატარში 2022 წელს გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე პირდაპირი გზით მოხვდეს. ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელმა, რომელიც, ალბათ, ფართო საზოგადოებისთვის უცნობია, ესპანელი გულშემატკივრის წინაშე გამოსაჩენად შეუდარებელი მატჩი ჩაატარა.
– ზედიზედ ორი სეზონის განმავლობაში რუსეთის ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელებული კვარაცხელია ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავია და ევროპის დიდ გუნდში ნახტომზე ოცნებობს.
„მჯერა, რომ ის მადრიდის „რეალში“ ან „ბაიერნში“ ითამაშებს“, – თქვა მისმა აგენტმა.
– მადრიდის „რეალი“ შემთხვევითი არ უხსენებიათ. ფეხბურთელის მამამ, ბადრი კვარაცხელიამ, რომელიც თავადაც ფეხბურთელი იყო, განაცხადა, რომ მისი შვილი მადრიდის „რეალის“ გულშემატკივარია.
– Transfermarkt-ი მის საბაზრო ღირებულებას 18 მილიონ ევროდ აფასებს. კვარაცხელიას სწრაფმა ზრდამ შეიძლება კიდევ უფრო გაზარდოს სატრანსფერო ფასიც, რასაც 20 წლის მოთამაშისთვის ისედაც მაღალია. რუსეთის ჩემპიონატში უფრო მაღალი საბაზრო ღირებულება მხოლოდ „ზენიტის“ მოთამაშეებს, აზმუნსა და მალკომს აქვთ.
– მან უკვე გაიტანა ესპანეთთან ჯგუფის მეორე ტურის მატჩში, რომელიც ლუის ენრიკეს ფეხბურთელებმა მხოლოდ 92-ე წუთზე დანი ოლმოს გოლით მოიგეს. საქართველოში იმედოვნებენ, რომ კვარაცხელია იქნება ერთ-ერთი, რომელიც ტოპ ლიგის გუნდის ფორმას მოირგებს. ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ლეგენდამ, ვლადიმერ გუცაევმა EFE-სთან ინტერვიუში განაცხადა: „ის ჩემს თავს მახსენებს. ხვიჩას აქვს დიდი პოტენციალი, სიჩქარე, ინტუიცია და ტაქტიკური ინტელექტი. და რაც მთავარია, ის ფეხბურთით ცხოვრობს. ის დგება ბურთით და დასაძინებლადაც ბურთით მიდის“.
– შვედეთთან მისი დუბლი ესპანეთს დამატებით უპირატესობას აძლევს მსოფლიო ჩემპიონატისკენ მიმავალ გზაზე და კვარაცხელიას რთულად წარმოსათქმელ გვარს, მთელი თავისი თანხმოვნებით სატრანსფერო ბაზარზე აჟღერებს. სატრანსფერო ბაზარი კი ყოველთვის ყურადღებიანია პერსპექტიული ახალგაზრდებისა მიმართ“.