ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ პირველად დასვა კითხვა, შეუძლია თუ არა საქართველოს ნაკრებისa და „ნაპოლის“ თავდამსხმელს „ოქროს ბურთის“ მოპოვება.
„შეიძლება ქართველი ფეხბურთელი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე გახდეს? კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ მფლობელი.
ვაანალიზებთ, როგორ ჩამოყალიბდა კვარაცხელიას დღევანდელი დონე და რა შესაძლებლობები აქვს ქართველს, რომ ამ მომენტში საუკეთესო ფეხბურთელად ჩაითვალოს.
კვარაცხელია, მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშის კანდიდატი
ის ევროპული ფეხბურთის სეზონის აღმოჩენაა. ნეაპოლის ქუჩებში გამუდმებით იმეორებენ სახელს, რომლიც ისეთივე რთული წარმოსათქმელია, როგორც მისი თამაშის გაშიფვრა – ხვიჩა კვარაცხელია (თბილისი, 2001). სამხრეთ იტალიას ჰყავს ახალი კერპი, რომლის მიზანი მარტივია: გახდეს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე. არის თუ არა ამის მიღწევა რეალური?
გარემარბი, რომელიც პართენოპელებმა გასულ ზაფხულში 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატეს, გახდა ამჟამინდელი სერია A-ს სახე და უდავო ლიდერი „ნაპოლიში“, რომელიც იტალიაში დომინირებს და თავის ისტორიაში მესამე სკუდეტოს უახლოვდება. კვარაცხელიას სტატისტიკა თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს: 11 გოლი და 9 საგოლე გადაცემა სერია A-ში.
კვარაცხელია ფეხბურთზეა შეყვარებულია და ამით ცხოვრობს. ის შესანიშნავი ადამიანი და ძალიან მშვიდი ბიჭია. კვარას გარღვევა მოულოდნელი არ აღმოჩნდა მათთვის, ვინც ბავშვობიდან იცნობს.
„კვარაცხელია ბავშვობიდან ჩემი ახლო მეგობარია, ყოველთვის ერთად ვიყავით. ის ფეხბურთზეა შეყვარებული და ამით ცხოვრობს. შესანიშნავი და მშვიდი ადამიანია“, – ამბობს მისი მეგობარი და თანაგუნდელი, საქართველოს ნაკრების და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი.
ფეხბურთი საქართველოში
საქართველოს ნაკრები ცდილობს უმაღლეს დონეზე დაიმკვიდროს თავი, რათა ისტორიაში პირველად შეძლოს მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. საქართველო ამჟამად ფიფა-ს რეიტინგში 78-ე ადგილზეა ისეთი ამომავალი ვარსკვლავებით, როგორებიც არიან თავად კვარაცხელია და უკვე ნახსენები მამარდაშვილი.
ჟურნალისტი ვინჩენცო კრედენდინო, რომელიც „ნაპოლის“ ამბებს აშუქებს, თვლის, რომ ქართველების წარმატება დროის საკითხია: „ქვეყანაში საფეხბურთო ტალანტების რაოდენობა იზრდება – მამარდაშვილის, კვერნაძის და სხვების გამოჩენა აჩვენებს, რომ დონე იზრდება“.
თბილისის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელი ვიქტორ მონხილი ქართული ფეხბურთის პოტენციალზე საუბრობს: „ქვეყანაში უფრო წარმატებული რაგბია და სპორტის მეფეა, მაგრამ მათი ფეხბურთი ვითარდება. ესაა ქვეყანა, სადაც საფეხბურთო აკადემიები იხსნება, რათა ტალანტები გადავიდნენ ისეთ ქვეყნებში, როგორებიც არიან პოლონეთი და რუსეთი. მაგრამ ეს ფეხბურთელები ჩვენთანაც რომ ჩამოვიდნენ და გაიზარდონ, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიმწოდებელი გახდება – ამის მაგალითი კვარაცხელიაა“.
ქართველები ნეაპოლში
სერია A-ს მრავალ კლუბში კვარცხელიას რეკომენდაცია კრისტიან ძაკარდომ გაუწია და მისი „ნაპოლიში“ გადასვლა ამის შედეგი იყო. „რუბინიდან“ 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ ქართველის ტრანსფერთან ახლოს „იუვენტუსი“ იყო. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტმა განაპირობა ის, რომ ფეხბურთელი სამშობლოში, ბათუმის „დინამოში“ დაბრუნდა. „ნაპოლიმ“ ომით ისარგებლა, აჯობა დანარჩენ კლუბებს და კონტრაქტი 10 მილიონად გააფორმა.
„კვარაცხელიაში ეს ფასი შედევრია“, – აცხადებს ვინჩენცო კრედენდინო.
მას შემდეგ, რაც კვარაცხელია იტალიაში გადავიდა, მისი კონტრაქტის ირგვლივ კითხვები ჩნდებოდა, მაგრამ კლუბთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია: „ნაპოლი“ ყოველთვის იმატებდა უცნობ ფეხბურთელებს, რომლებიც საბოლოოდ დიდ ფეხბურთელებად ყალიბდებოდნენ: კავანი, მერტენსი, ჟორჟინიო… კლუბის ფილოსოფია ნათელია.
ქალაქში, რომელიც დროთა განმავლობაში ქართველი ქომაგებით ივსება, ბედნიერება სუფევს: საქართველოში ნეაპოლში პირდაპირ ფრენებზე მოთხოვნა გაიზარდა, „სტადიო დიეგო არმანდო მარადონას“ მიდამოებში მუდამ ნახავთ ქართულ დროშებს.
ახალი კერპი ნეაპოლში – კვარადონა
შესაძლოა, მარადონას შემდეგ, „ნაპოლიმ“ პირველი სკუდეტო მოიპოვოს, რის გამოც ქართველ ვარსკვლავს მეტსახელი „კვარადონა“ შეარქვეს. მათი მსგავსება მოედნის გარეთაც არსებობს.
„კვარას არ მოსწონს მისით აღფრთოვანებული ადამიანების გარემოცვაში ყოფნა. თუ რამეს მოიგებს, ნეაპოლელები მას გულით ატარებენ, მაგრამ წლები დასჭირდება, მარადონას რომ მიუახლოვდეს. მარადონას ფიგურა მხოლოდ მოედნით არ შემოიფარგლებოდა. 10-იანის სიახლოვე იტალიელ გულშემატკივრებთან და არგენტინელის გაიგივება მოკრძალებულ ნეაპოლელებთან განსაკუთრებულ კავშირს ქმნიდა. მარადონა „ნახევარღმერთი“ მისი პიროვნების გამოც გახდა. ის თავს ქალაქელებთან და ბავშვებთან აიგივებდა, რადგან ისინი საკუთარი ქალაქის ბავშვებს ახსენებდნენ. მაგრამ არა მგონია, მარადონას ვინმე შეიძლება შევადაროთ. ის ლეგენდაა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ სხვა ასეთი ფეხბურთელი ვიხილოთ“. – ამბობს ვინჩენცო კრედენდინო.
ნეაპოლელთა 77 ნომრის მსგავსად, ჯორჯ ვეაც წარმოუდგენლის რეალობად ქცევის მაგალითია – ლიბერიაში დაბადებული ფეხბურთელი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე გახდა. არადა, ამის შანსი მცირე იყო. დღემდე ვერცერთმა აფრიკელმა ფეხბურთელმა „ოქროს ბურთის“ მოპოვება ვერ შეძლო.
მათი ისტორიები წყლის წვეთებივით ერთმანეთს ჰგავს. ლიბერიელი იტალიაში „მილანის“ ლეგენდის, მარკო ვან ბასტენის ნაცვლად ჩავიდა, ხოლო კვარაცხელიას სამხრეთ იტალიაში გუნდის კაპიტანი ინსინიე უნდა ჩაენაცვლებინა. პირველივე სეზონში ვეამ აქტიური წვლილი შეიტანა ჩემპიონობის მოპოვებაში. ნეაპოლელთა შემთხვევაში კვარაცხელიას საზეიმოდ დალოდება მოუწევს.
ლიბერიელ თავდამსხმელს სათამაშო სტილით „ნაპოლიში“ კვარაცხელიას პარტნიორი ვიქტორ ოსიმენი უფრო ჰგავს. ნიგერიელს „ოქროს ბურთის“ ქართველი კანდიდატის შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარება: „კვარაცხელია უახლოეს წლებში „ოქროს ბურთის“ მფლობელი გახდება”.
საქართველოს ნაკრებში კვარაცხელიას თანაგუნდელმა, მამარდაშვილმა თავისი აზრი „მარკას“ გაუზიარა: „თუ ის ამ დონეს შეინარჩუნებს, დარწმუნებული ვარ, რომ მას შეუძლია „ოქროს ბურთის“ მოგება. მას წარმატების მისაღწევად ყველა თვისება გააჩნია“.
პართენოპელები თავიანთ ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პირველად გავიდნენ. ამ ეტაპამდე ვეას „მილანი“ უეფა-ს თასს გამოეთიშა. თუ კვარაცხელიას კარიერის აწყობა სურს, „მილანი“ პირველი დაბრკოლებაა, რომელიც უნდა გადალახოს. თითქოს მარადონამ მას მემკვიდრეობა დაუტოვა: „დაძლიე ისინი, როგორც ეს მე გავაკეთე“. ქართველი სამისოდ მზად არის,“ – წერს „მარკა“.