ტორონტომ და ფილადელფიამ კალათბურთის გულშემატკივრებს დასამახსოვრებელი 7-მატჩიანი სერია აჩუქეს. საბოლოოდ, აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური საგზური დრამატულ ბრძოლაში რეპტორსმა მოიპოვა (4:3). გამარჯვების ბურთი ტორონტოელთა ლიდერმა კავაი ლეონარდმა უკანასკნელ წამზე ჩააგდო და საკუთარ გუნდს სიხარულის არნახული ემოციები მოუტანა.
საწინააღმდეგო სურათი იყო ფილადელფიას ბანაკში. განსაკუთრებით ემოციური გამოდგა მარცხი სევენთი სიქსერსის ცენტრ ჯოელ ემბიდისთვის, რომელმაც შეხვედრის დასრულების შემდეგ იტირა. კამერუნელთან დასამშვიდებლად, მეტოქე გუნდის წევრი მარკ გასოლი მივიდა. ესპანელმა საბოლოოდ ისაუბრა იმაზე, თუ რა უთხრა ჯოელ ემბიდს.
„მე მას მხოლოდ ის ვუთხარი, თუ რას ვგრძნობდი. როგორც ცენტრს, მე მისი ყველაზე კარგად მესმის. ჩვენ საერთო აგენტი გვყავს და მე ძალიან დიდი ხანი ვაკვირდები ჯოელს. ვიცი, რომ ამ კალათბურთელს უდიდესი პოტენციალი აქვს. მე ყოველთვის მისი დიდი ფანი ვიყავი. სამწუხაროდ, სპორტში ხშირად ხდება ასეთი ემოციური ფაქტები. თუმცა, ჩვენ პროფესიონალები ვართ და ამას გაგებით უნდა მოვეკიდოთ“, – თქვა გასოლმა.