„მარიუპოლის“ მწვრთნელი - ექთნებთან დაჭრილი ბავშვები რომ დავინახე, ამას ვერ გავუძელი #1TVSPORT
დონეცკის „შახტარისა“ და „ილიჩევეცის“ ყოფილმა ნახევარმცველმა სერგეი გრიბანოვმა, რომელიც ომამდე „მარიუპოლის“ 19-წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო, გამოცემა „კომანდასთან“ გაიხსენა, მარიუპოლში რუსეთის ჯარების თავდასხმის დროს რა საშინელებები ნახა.
„20 დღეზე მეტი გავატარე მარიუპოლში დაბომბვის დროს. უფროსებისთვის უფრო ადვილია ამის დავიწყება, მაგრამ ბავშვების ფსიქიკისთვის რთული გადასატანია. ვცდილობთ როგორმე დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. თუ ეს შესაძლებელია.
ბევრმა დატოვა მარიუპოლი მანქანების, ნივთების, ყოველგვარი დანაზოგის გარეშე და მიმაჩნია, რომ ადამიანები ბედის ანაბარად არ უნდა მივატოვოთ. მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო მოხალისეობრივ აქტივობებში და ქვეყანას დავეხმარო.
ჩვენი გუნდის 19-წლამდე და 17-წლამდე ბიჭებს ომმა ჰოსტელში მოუსწრო. იქ ისინი დიდი ხნის განმავლობაში სარდაფში იმალებოდნენ. შემდეგ, როცა მათ რაიონში ვითარება სრულიად აუტანელი გახდა ბიჭების თავშესაფარი ჩაიკას სასტუმროში მოვაწყვე, რომელიც „მარიუპოლის“ ბაზის გვერდით მდებარეობს. იქ იყო თავშესაფარი და საკვები, მაგრამ რაც მთავარია, ეს ტერიტორია, გარკვეული პერიოდის განმავლობაში თითქმის არ დაბომბილა. სამწუხაროა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ ევაკუაციის პროცესზე გავლენა ვერ მოახდინა.
რთულიც იყო რაიმე მოძრაობის ორგანიზება კომუნიკაციის გარეშე. მაგალითად, ოთხჯერ გამოვედი სარდაფიდან, რომ ბიჭებთან მივსულიყავი, საჭმელი მომეტანა და ა.შ. ასე რომ, ორჯერ მომიწია დაბრუნება – ისეთი დაბომბვა იყო, რომ შიშს ვერ გავუმკლავდი. მაგრამ ორჯერ მივედი. სხვათა შორის, დროზე დავტოვე სახლი, რომელიც მეორე დღეს საჰაერო დარტყმის შედეგად თითქმის მთლიანად დაიწვა. საუკეთესო შემთხვევაში, სარდაფის ნანგრევების ქვეშ აღმოვჩნდებოდით.
ოჯახთან ერთად საფეხბურთო კლუბ „მარიუპოლის“ ბაზაზე გადავედით. იქ 47 ადამიანი იყო. სამალავად ვიყენებდით თეორიის ოთახსა და სპორტულ დარბაზს, რომლებიც მინუს პირველ სართულზე იყო განთავსებული. იყო საკვების მარაგი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ წყლის პრობლემა არ იყო. ხალხი ფიქრობდა: „სადღაც შორს ისვრიან“. მაგრამ მერე, დაიწყო და კინაღამ ჭკუიდან გადავედით. მანამდე ბაზა ხელუხლებელი იყო. მაგრამ მერე ისიც გაანადგურეს ავტოსადგომთან ერთად, სადაც პირველი გუნდის მწვრთნელებისა და ფეხბურთელების მანქანები იდგა.
ქალაქის დატოვება კიდევ ცალკე თავგადასავალი იყო. ბერდიანსკში 17 საგუშაგოს გავლით მივედით. კინაღამ დაგვხვრიტეს. ბავშვებმა ყურებზე ხელები აიფარეს და ლოცულობდნენ. მარიუპოლის ბევრ მაცხოვრებელს გვეგონა, რომ ეს უკვე გამოვიარეთ, გავიხსენეთ 2014 წელი და ვიმედოვნებდით, რომ რამდენიმე დღეში ყველაფერი დაწყნარდებოდა. ჩემი ოჯახისთვის ეს ორი დღე გამრავლდა დაახლოებით 10-ზე. ამავე დროს, ქალაქში კიდევ არიან დარჩენილები.
ყველაზე საშინელი მომენტი? ასეთი ძალიან ბევრი იყო, მაგალითად, ავიადაბომბვა ნამდვილი კოშმარი გახლდათ. თვითმფრინავი დაბლა დაფრინავს, გესმის, რომ დარტყმა იქნება, მაგრამ არ იცი, სად. არტილერია, როცა სარდაფში ხარ, არც ისე საშინელია. მაგრამ ავიადაბომბვის წინააღმდეგ ნებისმიერი საფარი უსარგებლოა. ყველამ დაინახა, რა დაემართა დრამატულ თეატრს.
საშინელება იყო გარეთ გასვლა, ეს დიდი რისკია. ბევრი ადამიანი დაიღუპა სწორედ მაშინ, როცა სადმე გადიოდა, მაგალითად, წყლისთვის. საფეხბურთო კლუბ „მარიუპოლის“ ბაზაზე ყოფნისას, როგორღაც გარეთ გავედით, რათა ჰოსტელში მყოფ აკადემიის ბიჭებთან მივსულიყავით. იქ კი მტრის თვითმფრინავი დავინახეთ. გავიქეცი იმ სახლისკენ, სადაც ჩემი თანაშემწე იყო და მოვახერხე დამალვა.
სამშობიარო როცა დაანგრიეს, გუნდის ბაზაზე ვიყავი. ამ კლუბის პრეზიდენტმა მოხალისეები შეკრიბა და სასწრაფოდ წავედით საავადმყოფოში. ეს ალბათ ყველაზე საშინელი იყო. დანგრეულ შენობაში შევაგროვეთ წამლები და ყველაფერი, რაც გადარჩა, შემდეგ კი ჩანთები სხვა განყოფილებაში გადავიტანეთ, რომელმაც განაგრძო მუშაობა. წამლებით გარბიხარ, ექთნებს კი დაჭრილი ბავშვები ჰყავთ. ეს იყო ყველაზე რთული გადასატანი. გარეთ გავედი მოსაწევად – ვერ გავუძელი.
მხოლოდ უკრაინაში მინდა ცხოვრება. არასოდეს მიფიქრია წასვლაზე ამ განუვითარებელ ქვეყანაში, რომელიც თავს დაგვესხა. მადლობა ღმერთს გადარჩენისთვის. ჩვენ მათ მომხდარს არასოდეს ვაპატიებთ.“