„მარიუპოლის“ ფეხბურთელი - ვიცოდით, რომ გზაში მანქანებს ესროდნენ, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა #1TVSPORT
„მარიუპოლის“ ფეხბურთელი - ვიცოდით, რომ გზაში მანქანებს ესროდნენ, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა #1TVSPORT

უკრაინულ მედიაში გამოქვეყნდა ინტერვიუ „მარიუპოლის“ 20 წლის ნახევარმცველ როდიონ პლაქსასთან, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა. ის ერთ-ერთია, ვინც ოკუპაციაში თითქმის ერთი თვე გაატარა.

პლაქსამ უკრაინის პრემიერლიგაში „მარიუპოლის“ შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი 18 წლის ასაკში ჩაატარა, ბოლო სეზონში კი ორი მატჩი ითამაშა. როდიონი, როგორც პრემიერლიგისა და ახალგაზრდული ჩემპიონატის ყველა მოთამაშე, 2022 წლის პირველი ტურისთვის ემზადებოდა. თუმცა, ყველა საფეხბურთო გეგმა რუსეთის არმიამ ჩაშალა – ფეხბურთის ნაცვლად უკრაინაში ომი დაიწყო.

„არა მგონია, რომ როდესმე თავს გადამხდარი დავივიწყო. უკრაინაში, მარიუპოლში განვითარებული მოვლენები ძალიან მტკივნეულია, მით უმეტეს, თუ ამ ყველაფერს საკუთარი თვალით ხედავ. ახლა შედარებით უსაფრთხო ადგილას ვარ – ოდესაში. მაგრამ შიშის გრძნობა არ მტოვებს. სირენის ხმები არის შეხსენება, რომ ნებისმიერ მომენტში თვითმფრინავი შეიძლება გადმოფრინდეს და ბომბი აფეთქდეს. აქ თითქოს უფრო სიმშვიდეა, მაგრამ დროდადრო აფეთქებების ხმაც მესმის. გარდა ამისა, დასვენების საშუალებას არ იძლევა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აქვე ზღვაში რუსული გემები არიან.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩემთან ურთიერთობა 5 მარტს შეწყდა. ტელეფონის დატენვა ჭირდა და პრობლემა ის იყო, რომ ქალაქს არანაირი კავშირი არ გვქონდა. ეს საშინელება იყო, მე კი მინდოდა მეთქვა ჩემი ახლობლებისთვის, რომ ცოცხალი ვიყავი. ჩემი მშობლები მეძებდნენ და ვღელავდი.

კარგად მახსოვს დღე, როცა ყველაფერი დაიწყო – 24 თებერვალს, ოდესაში „ჩერნომორეცის“ ახალგაზრდულ გუნდთან მატჩზე მოგვიწია გამგზავრება. წინა დღით უკვე იგრძნობოდა, რომ ომის თავიდან აცილება არ შეიძლებოდა. ძირითადი ნივთები, საბუთები მოვაგროვე – პატარა ზურგჩანთაში ჩავალაგე ყველაფერი. მეორე დღეს დილის 5 საათზე ჩემმა დამ გამაღვიძა: „ჩამოდი, ომი დაიწყო“. მაშინვე წავედი.

ყოველდღე დახვრეტის გვეშინოდა. ყოველდღე ვითარება უარესდებოდა. მანქანა გვყავდა, მაგრამ საწვავის პრობლემა იყო – ალბათ 2-3 ლიტრი ბენზინი იყო დარჩენილი და ალყიდან ვერ გამოვდიოდი. ოკუპაციის პირობებში, ყველაზე მძიმე საკვების ნაკლებობა იყო. თავიდან პურის, კონსერვის ყიდვას ვცდილობდით. მეზობლები ძალიან მეხმარებოდნენ – ქუჩაში მათთან ერთად საჭმელს ვამზადებდით. თუმცა მარაგები მცირდებოდა და ვზოგავდით.

სახლში ტემპერატურა მინუს 8-9 გრადუს იყო. ვცდილობდით, გარეთ არ გავსულიყავით – უბრალოდ გვინდოდა შინ ვყოფილიყავით და გველოცა. 19:00 საათზე ვიძინებდით. მაგრამ სროლები და თვითმფრინავების ხმა გვაღვიძებდა. ავიაცია დაფრინავდა, დილის 4 საათზე ისროდნენ „გრადებიდან“. ყველაზე ცუდია, როცა იღვიძებ და ეს ხმები უფრო და უფრო ახლოვდება. როდესაც სროლა წამიერად ჩაცხრებოდა, გვეჩვენებოდა, რომ ყველაფერი საბოლოოდ დასრულდა. მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ისე გრძელდებოდა.

ოკუპირებული ქალაქის ქუჩებში ბევრს ვერ ვმოძრაობდით, წყალზე წასვლაც საშინელება იყო. არ იცი, როდის რა შეიძლება გესროლონ. ერთი მიმართულებით გზას 40 წუთი სჭირდებოდა, რიგში დგომას – კიდევ 40 წუთი. შემდეგ კი უკან ვბრუნდებოდი მხრებზე 20-ლიტრიანი ჭურჭლით. წყალი უგემური იყო, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა. საყოფაცხოვრებო საჭიროებისთვის თოვლს ვადნობდით, მაგალითად, ტუალეტის ჩასარეცხად.

რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, თავს ნამდვილ უკრაინელად ახლა ვგრძნობ. მისთვის ყველაფრისთვის მზად ვარ. ხალხი ერთობლივმა მწუხარებამ გააერთიანა. უცნობი ადამიანები ეხმარებიან სამოქალაქო და სამხედრო პირებს, ისინი ამას გულწრფელად აკეთებენ. ამან ჩვენი ქვეყანა გააერთიანა. ხალხმა შიში დაამარცხა – ეს ჩემი დის ეზოს მაგალითზეც შევნიშნე. ის ჯარისკაცები, რომლებიც მარიუპოლს იცავენ, ნამდვილი გმირები არიან. ვამაყობ და გულწრფელად მადლობელი ვარ მათი, რომ გვიცავდნენ.

რომ არა რუსეთის თავდასხმა, არაფერი მოხდებოდა. რა თქმა უნდა, იყვნენ ადამიანები, რომლებიც ყვიროდნენ, ეს არის უკრაინის ბრალი, მაგრამ ჩვენთან რუსეთი შემოვიდა. როცა მარიუპოლი დავტოვეთ და პირველი უკრაინული საგუშაგო დავინახეთ, შვება ვიგრძენი. ბერდიანსკიდან რომ გამოვედით, ვიცოდით, რომ გზაში მანქანებს ესროდნენ – მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა.“