ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და 1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულმა მარიო კემპესმა მიმდინარე ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების გამოსვლასთან და ლიონელ მესისთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი აზრით, სხვადასხვა ეპოქების წარმომადგენელ ფეხბურთელთა შედარება არასწორია.
„მესი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მას მსოფლიოს ჩემპიონატი არ აქვს მოგებული. შეუძლებელია სხდასახვა ეპოქებში მოთამაშე ფეხბურთელების შედარება. კრიტერიუმი მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს: მე მუნდიალი 1978 წელს მოვიგე, მარადონამ – 1986 წელს და მესის ჯერ არ მოუგია. ეს არის რეალობა“, – უთხრა კემპესმა იტალიურ „გაძეტა დელო სპორტს“ (La Gazzetta dello Sport) და დაამატა, რომ არგენტინის ნაკრებს სათადარიგო გეგმა არ გააჩნია, – „არგენტინას აქვს მხოლოდ გეგმა A, მაგრამ არ აქვს გეგმა B და გეგმა C. გეგმა A გულისხმობს, რომ უნდა მისცე ბურთი მესის, დახუჭო თვალები და დაელოდო, რომ რაღაცა მოხდება, მაგრამ ჩემი აზრით, რაღაცა სხვა უნდა გქონდეს თადარიგში იმ შემთხვევისთვის, თუ მესი გაცივდა და ავად გახდა“.
შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი მიმდინარე მუნდიალზე არგენტინის ნაკრებმა ისლანდიის წინააღმდეგ გამართა და ფრედ, 1-1 ითამაშა. დღეს, 22:00 საათზე, მესი და კომპანია ხორვატიას დაუპირისპირდებიან და ეს თამაში მათთვის შესაძლოა გადამწყვეტი გამოდგეს.
თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!