მარეკ ჰლინკა „ტორპედოში“ გადასვლაზე - ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე თამაში მსურდა
„ტორპედოში“ გადმოსულმა სლოვაკმა ნახევარმცველმა, მარეკ ჰლინკამ პირველი კომენტარი გააკეთა.
„ქუთაისელთა წარმომადგენლები „სპარტასთან“ მატჩს დაესწრნენ და იქ მოვეწონე. მას შემდეგ დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ სურდათ, „ტორპედოში“ მეთამაშა და დავთანხმდი. „ბანიკის“ ხელმძღვანელობას ავუხსენი, რომ უცხოეთიდან საინტერესო წინადადება მივიღე, რომელზეც უარს ვერ ვიტყოდი. მალე 28 წლის გავხდები და კარიერაში სიახლე მსურდა, „ტორპედო“ კი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. ეს სწორედ ისაა, რაც მინდოდა“, – ამბობს ჰლინკა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპამდე სლოვაკი ნახევარმცველი ქუთაისის „ტორპედოს“ პირველი შენაძენია. 27 წლის ჰლინკა, რომელიც სლოვაკეთის 19-წლამდელთა და ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო, „ტორპედოში“ 2019 წლის ბოლომდე ითამაშებს.