ხვიჩა კვარაცხელიამ და ყაზანის „რუბინმა“ რუსეთის პრემიერლიგის მორიგი შეხვედრა გამართეს და დიდი ანგარიშით დამარცხდნენ.
მე-14 ტურში ყაზანელები გასვლაზე ერთ-ერთ აუტსაიდერს, „როსტოვს“ ესტუმრნენ. ხვიჩა კვარაცხელია სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ის ეპიზოდურად გამწვავებას ცდილობდა, ფლანგიდან უტევდა, ორიოდე მწვავე გადაცემით თანაგუნდელებს გატანის შანსი მისცა, თავადაც დაარტყა. მაგრამ საბოლოოდ, გოლის გატანა და საგოლე გადაცემის შესრულება ვერ მოახერხა. 56-ე წუთზე კი ხვიჩამ ყვითელი ბარათი მიიღო.
ყაზანელებმა მატჩი კარგად დაიწყეს – „რუბინი“ სოლტმურად ბაკაევმა 36-ე წუთზე დააწინაურა. მაგრამ მასპინძლებმა თამაშის შემოტრიალება შეძლეს, ყაზანელებს 5 გოლი გაუტანეს და დამაჯერებლად მოიგეს 5:1.
კარგი სტარტის შემდეგ ყაზანის „რუბინმა“ პოზიციები საგრძნობლად დათმო – ლეონიდ სლუცკის გუნდი 14 ტურის შემდეგ 19 ქულით მე-8 ადგილზეა.