მარცხი ქართველების „როტორთან“ - ბათუმელებმა წაუგებელი სერია შეწყვიტეს
თურქულ შეკრებაზე ბათუმის „დინამომ“ მორიგი საკონტროლო შეხვედრა რუსეთის პრემიერლიგელის კლუბთან, ვოლგოგრადის „როტორთან“ გამართა (სადაც ოთხი ქართველი თამაშობს) და 1:3 დამარცხდა.
საქართველოს ვიცე-ჩემპიონის მეტოქის სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ ზურიკო დავითაშვილი და გიორგი არაბიძე, რომლებიც მეორე ტაიმში დაასვენეს. ამ დროს კი მოედანზე საბა კვირკველია და ნიკა ყიფიანი შევიდნენ.
პირველი ტაიმი ქართველი ფეხბურთელების ტერიტორიული უპირატესობით ჩატარდა, მაგრამ ანგარიში ვოლგოგრადელებმა გახსნეს. პირველი ტაიმის დასრულებამდე 4 წუთით ადრე, ბათუმელთა მცველებმა საკუთარ საჯარიმოში ანდრეს პონსეს წააქციეს და „დინამოს“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ოლეგ ალეინიკმა გამოიყენა – 0:1. მეორე ტაიმიც „როტორმა“ უკეთ ჩაატარა. ვოლგელთა უპირატესობა ნიკა ყიფიანის გადაცემით, ჯერ ალექსეი შჩეტკინმა გაზარდა, შემდეგ კი ყიფიანის წაქცევისთვის ბათუმელთა კარში მეორე პენალტი დაინიშნა, რომელიც კამილ მულინმა გამოიყენა – 3:0.
მატჩის 79-ე წუთზე გოლის გატანის რეალური შანსი ბენჟამინ ტეიდის ჰქონდა, ნიგერილმა ფეხბურთელმა შესანიშნავად ითამაშა მეტოქის საჯარიმოში, მაგრამ მისი დარტყმის შემდეგ ბურთი რუსული გუნდის ჯერ ერთ და მერე მეორე ძელს მოხვდა. მატჩის ბოლო წუთზე, ქართველმა ფეხბურთელებმა მოახერხეს საგოლე შეტევის განხორციელება და პრესტიჟის გოლის გატანა, რომელიც გიორგი ფანცულაიას ანგარიშზეა.
დინამო (ბათუმი) – როტორი 1:3
გოლები: 0:1 ალეინიკი (41), 0:2 შჩეტკინი (55), 0:3 მულინი (64), 1:3 ფანცულაია (90)
ბელეკი, თურქეთი. სპორტული ცენტრი „პაპილონი“.
„როტორი“: ჩონდრიჩი (ობუხოვი), კოჟემიაკინი (მაკაროვი), გოგუა (კვერკველია), ლოგვინენკო (ბაირიევი), შომკო (სტეპანოვი), სერჩენკოვი (ყიფიანი), ალენიკი (პესეგოვი), მაევსკი (ვერშკოვი), დავითაშვილი (მედვედი), არაბიძე (შჩეტკინი), პონსი (მულინი).
„დინამო“: ალავიძე – ჩაბრაძე, მარგველაშვილი, აზაცკი, აზაროვი – ტეიდი, მანჯგალაძე – ჯიჯავაძე, ზარია, ჯიღაური – ნიქაბაძე
შეცვლაზე შევიდნენ: მამუჩაშვილი, თევდორაძე, გეგეჭკორი, კობახიძე, გაგოშიძე, ალთუნაშვილი, ფანცულაია, გროცურეკი, ხარატიშვილი, ჩალაძე
ეს თურქულ შეკრებაზე ბათუმელთა პირველი წაგება იყო. „დინამომ“ ტულის „არსენალთან“ (0:0) და უკრაინულ „ლვოვთან“ (1:1) ფრედ ითამაშა, ხოლო ბოსნიური „ბორაცი“ (2:0) დაამარცხა. გია გეგუჩაძის გუნდი მომდევნო ამხანაგურ მატჩს 19 თებერვალს ყაზახურ „ორდაბასთან“ გამართავს, მზადებას კი 20 თებერვალს დაასრულებს და საქართველოში გამოემგზავრება.