მარცხი ინგლისთან - 19-წლამდე ნაკრებმა ელიტ-რაუნდში მოხვედრის შანსი დაკარგა #1TVSPORT
მარცხი ინგლისთან - 19-წლამდე ნაკრებმა ელიტ-რაუნდში მოხვედრის შანსი დაკარგა #1TVSPORT

19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფის მეორე ტურში, საქართველოს ნაკრები ამ ასაკში ევროპის მოქმედ ჩემპიონს, ინგლისის თანატოლთა გუნდს შეხვდა და დიდი ანგარიშით დამარცხდა 0:6.

ინგლისელებიდან „ლიდსის“ თავდამსხმელი სონი პერკინსი გამოირჩეოდა, რომელმაც მე-9 წუთზე გუნდი დააწინაურა, 10 წუთში ჩვენი გუნდის კარი პენალტით აიღო, ხოლო 42-ე წუთზე ჰეთ-თრიკის გაფორმება მოახერხა (ორი პასი სემუელ ბრეიბრუკის ანგარიშზეა) და ბრიტანელებმა ტაიმი 3:0 მოიგეს. აღსანიშნავია, რომ ორ მატჩში პერკინსმა სულ 4 გოლი გაიტანა.

უკეთესი თამაშის ჩვენება ჩვენმა გუნდმა ვერც მეორე ნახევარში მოახერხა. ამჯერად „ლივერპულის“ იმედმა, ოკლი კანონიერმა შეასრულა დუბლი (51, 90+4), ერთიც „მანჩესტერის“ ნახევარმცველის, ომარ ფორსონის (58) ანგარიშზეა. მატჩის ბოლოს მოედნიდან გიორგი ხაბულიანი გააძევეს.

ინგლისის 19-წლამდელებმა 6 ქულა დააგროვეს და უზარმაზარი ნაბიჯი გადადგეს შემდეგ ეტაპზე გასვლისკენ. გუნდს ახლა მხოლოდ ქულა სჭირდება სამშაბათს დანიასთან ფაქტობრივად ფინალად ქცეულ მატჩში, რათა გაზაფხულზე დაგეგმილ ელიტ-რაუნდზე ითამაშოს, სადაც მინი-ტურნირის ორი საუკეთესო გუნდი გადის.

ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდმა შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა და საკვალიფიკაციო რაუნდის ბოლო მატჩს, 27 სექტემბერს, მონტენეგროს 19-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, ხოლო ინგლისი დანიის წინააღმდეგ თამაშით დაასრულებს.