მარცხი ერთ-ერთ აუტსაიდერთან - ქეცბაიას „ანორთოსისი“ საჩემპიონო ექვსეულის შანსს ინარჩუნებს [ვიდეო] #1TVSPORT
10:51, 05.12.2021
თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატის სტარტზე გამოტოვებული საშინაო შეხვედრა პაეეკ-თან გამართა და მოულოდნელად დამარცხდა.
ფამაგუსტელების მეტოქე კვიპროსის ჩემპიონატის დებიუტანტი და ერთ-ერთ აუტსაიდერი იყო. ამიტომ შედეგი მოულოდნელი აღმოჩნდა. ქეცბაიამ ძირითად შემადგენლობაში გიორგი ლორია დააყენა, ნიკა კაჭარავა შეცვლაზე შესვენების შემდეგ შეუშვა, ხოლო ნიკა ნინუა განაცხადში არ იყო.
„ანორთოსისი“ მთელი პირველი ტაიმი უტევდა, მაგრამ ორი ბურთი გაუშვა – ანგარიში 34-ე წუთზე ფერნანდო ენრიკემ გახსნა, 41-ე წუთზე კი აუტსაიდერის უპირატესობა ლევის ენოჰმა გაზარდა. ორივე გოლი მასპინძელთა ცენტრალური მცველების უხეშ შეცდომებს მოჰყვა.
ფამაგუსტელებმა წონასწორობის აღდგენა მაინც მოახერხეს. 45-ე წუთზე სხვაობა ანდერსონ კორეამ შეამცირა, ხოლო ანგარიში 62-ე წუთზე ოვანეს ამბარცუმიანმა გაათანაბრა. ქეცბაიას გუნდი უტევდა, მომენტებს ქმნიდა, მაგრამ 71-ე წუთზე პაეეკ-მა მასპინძლებს მესამეც გაუტანა – გიორგი ლორიას კარი ბერტ ესელინკმა აიღო. კაჭარავას გათანაბრება ორჯერ შეეძლო, მაგრამ მცველმა ბოლო მომენტში დაასწრო და ახლოდან ვერ დაარტყა. საბოლოოდ, პაეეკ-მა 3:2 მოიგო.
„ანორთოსისმა“ ჩემპიონატის ბოლო 3 მატჩი ვერ მოიგო, 11 ტურის შემდეგ 13 ქულით მე-7 ადგილზეა, რაც ფინალურ ექვსეულში მოხვედრის საშუალებას და ჩემპიონობისთვის ბრძოლის უფლებას არ აძლევს. თუმცა ქართველი მწვრთნელის გუნდი საჩემპიონო ექვსეულში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.