მარჩელო ლიპის მიაჩნია, რომ ვიდეოგამეორების სისტემა აუცილებელია
მარჩელო ლიპის მიაჩნია, რომ ვიდეოგამეორების სისტემა აუცილებელია

იტალიის ნაკრების ყოფილი და ჩინეთის ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი მარჩელო ლიპი მიიჩნევს, რომ კრიშტიანო რონალდოს სასჯელი არ უნდა დაეკისროს და რომ, გარდა ამისა, უეფამ სასწრაფოდ უნდა დანერგოს ჩემპიონთა ლიგაში ვიდეოგამეორების ის სისტემა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე მოქმედებდა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი თავდამსხმელი მოედნიდან იმის გამო იქნა გაძევებული, რომ ჯერ ვალენსიას მცველ ჯეისონ მურილიოს დაეჯახა, შემდეგ კი, როდესაც ეს უკანასკნელი წაიქცა, მას თმაზე მოქაჩა. ინციდენტი ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩში მოხდა, რომელიც რონალდოს გუნდმა, „იუვენტუსმა“, 2-0 მოიგო.

„კრიშტიანო რონალდოს გაძევებასთან დაკავშირებულმა ინციდენტმა მთელი მსოფლიო მოიარა და პლანეტის ნებისმიერ კუთხეში რომ იკითხოთ, ყველა დაგეთანხმებათ: თავზე მცირედი მოფხაჭნისთვის ფეხბურთელს წითელ ბარათს არ უნდა აძლევდნენ და რომ მთავარი მსაჯი არ უნდა ეთანხმებოდეს ასე ბრმად დამხმარე არბიტრს, რომესაც ჰალუცინაციები ჰქონდა და მოეჩვენა, რომ მოთამაშემ რაღაც საშინელება ჩაიდინა“, – ამბობს ლიპი და ამატებს, რომ ძალიან კარგი იქნებოდა, თუ უეფა სასწრაფოდ შემოიღებდა ჩემპიონთა ლიგაზე ვიდეოგამეორების სისტემას.

ჩინეთში, რომლის ეროვნულ გუნდს ლიპი 2012 წლიდან წვრთნის, ვიდეოგამეორების სისტემა მოქმედებს და იტალიელ სპეციალისტს არ ესმის, რატომ არ სურს უეფას, რომ ეს ცალსახად სასარგებლო რამ ევროპაშიც დანერგოს.

„დაუჯერებელია, რომ ისეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაცია, როგორიც უეფაა, ჯიუტად ამბობს უარს მსოფლიოს მეორე ყველაზე პოპულარულ საფეხბურთო ტურნირში ვიდეოგამეორების დანერგვაზე. ინციდენტი, როგორიც ვალენსიაში მოხდა, შეიძლება კვლავაც განმეორდეს“, – მიაჩნია მარჩელო ლიპის.