დიეგო მარადონა აცხადებს, რომ ხორვატიის ნაკრები მსოფლიო ფეხბურთის გრანდებს არ მიეკუთვნება და მათთან ასეთი დამარცხება სირცხვილია.
„ისეთი განრისხებული ვარ, რომ სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ადამიანი, რომელიც არგენტინის ნაკრების ფორმას ჩაიცმევს, არ უნდა მარცხდებოდეს ხორვატიასთან ასე სამარცხვინოდ. სიმართლე უნდა ითქვას, რომ ხორვატია არ არის არც ბრაზილია, არც ჰოლანდია, არც გერმანია და არც ესპანეთი“, – განაცხადა მარადონამ, ხოლო ლიონელ მესის შესახებ როდესაც ჰკითხეს, უფრო ლმობიერი იყო, – „მე ვფიქრობ, რომ ლეომ ისე ითამაშა, როგორც უნდა ეთამაშა. ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. თანაგუნდელებს რომ პრობლემები აქვთ, ამის გამო მას პასუხს ვერ მოვთხოვთ“.
შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრებს, მიუხედავად ორი თამაშიდან აღებული მხოლოდ 1 ქულისა, კიდევ დარჩა მერვედფინალში გასვლის შანსი. ამისათვის სამხრეთამერიკელებმა ნიგერია უნდა დაამარცხონ, ხოლო ისლანდიამ ხორვატიას ვერ უნდა მოუგოს.