მარადიშვილი საქართველოს ნაკრებში თამაშს აპირებს - რუსეთში გაზრდილი ქართველი მოქალაქეობას მალე მიიღებს #1TVSPORT
კონსტანტინე მარადიშვილი სპორტული მოქალაქეობის შეცვლას და საქართველოს ნაკრებში თამაშს აპირებს, – ინფორმაციას RB Sport-ი ავრცელებს.
„მოსკოვის „ლოკომოტივის“ ნახევარმცველი უკვე საქართველოს მოქალაქეობის მიღების დასკვნით ეტაპზეა. უახლოეს მომავალში ის, შესაძლოა, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გახდეს“, – ამტკიცებს გამოცემა.
კონსტანტინე მარადიშვილი 23 წლისაა. მოსკოვში დაიბადა და გაიზარდა და მთელი კარიერა რუსეთში აიწყო. ბავშვობიდან მოსკოვის ცსკა-ს საფეხბურთო აკადემიაში იზრდებოდა, თამაშობდა რუსეთის 20 (5 მატჩი) და 21-წლამდელთა ნაკრებებში (6 მატჩი).
კონსტანტინე რამდენჯერმე მოხვდა ვალერი კარპინის შედგენილ რუსეთის მთავარი საფეხბურთო გუნდის გაფართოებულ სიაში. მაგრამ ჯერ არ უთამაშია და ამიტომ აქვს უფლება, სპორტული მოქალაქეობა შეიცვალოს. წარმომავლობაც ხელს უწყობს – მამამისი, კობა მარადიშვილი გურჯაანელია და საქართველოს ჩემპიონატში თამაშობდა.
მიმდინარე სეზონში 23 წლის ნახევარმცველმა 20 მატჩში მოსკოვის „ლოკომოტივის“ შემადგენლობაში 2 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს გუნდმა მის ტრანსფერში 7 მილიონი ევრო გადაიხადა.