მაქს ფერსტაპენი - რბოლა და გამარჯვება მიყვარს, თუმცა ასეთ ცხოვრებას სრულფასოვანი ვერ ეწოდება #1TVSPORT
მაქს ფერსტაპენი - რბოლა და გამარჯვება მიყვარს, თუმცა ასეთ ცხოვრებას სრულფასოვანი ვერ ეწოდება #1TVSPORT

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, ნიდერლანდელმა მაქს ფერსტაპენმა აზერბაიჯანის გრანპრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ფორმულა 1-ში საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა.

როგორც ფერსტაპენი აცხადებს, ამჟამად რბოლებში გამარჯვება სიამოვნებას ანიჭებს, თუმცა კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ რას გადაწყვეტს, ამაზე ჯერ კონკრეტული პასუხი არ აქვს.

„მიყვარს ჩემი საქმე და გამარჯვება სხვადასხვა გრანპრიზე, ეს ყველაფერი ფინანსურადაც ძალიან მომგებიანია. თუმცა, რთულია, ასეთ ცხოვრებას სრულფასოვანი ვუწოდო. „რედ ბულთან“ კონტრაქტი 2028 წლამდე მაკავშირებს. ვფიქრობ, თუ ამჟამინდელი რუტინა ზედმეტი გახდება, სამომავლოდ რამის შეცვლა მომიწევს.

ახლა მოტივაციის ნაკლებობას არ ვუჩივი, მაგრამ დგება მომენტები, როცა კონკრეტული საქმის შესრულების ხალისი აღარ გაქვს. საზოგადოების ნაწილისთვის, შესაძლოა, ეს უცნაურად ჟღერდეს, რადგან მე წარმატებული ვარ სპორტში, შიგნიდან კი ეს ყველაფერი სხვანაირია“, – აცხადებს ფერსტაპენი.

„რედ ბულის“ პილოტმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 2021 და 2022 წელს მოიპოვა, იგი ასევე დამაჯერებლად ლიდერობს 2023 წლის სეზონს.