მაქაცარიამ გორის „დილა“ დატოვა - კონტრაქტი გავწყვიტე, თავისუფალი აგენტი გავხდი #1TVSPORT
თამაზ მაქაცარიამ გორის „დილასთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და გუნდი დატოვა – ამის შესახებ ფეხბურთელმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.
„გორიდან წამოვედი. ყველამ იცის, რომ ორწლიანი კონტრაქტი მქონდა გუნდთან, მაგრამ ხელშეკრულება გავწყვიტეთ და თავისუფალი აგენტი გავხდი“, – ამბობს მაქაცარია.
25 წლის თავდამსხმელის თქმით, ამ ნაბიჯის მიზეზი მცირე სათამაშო დრო იყო:
„თამაში მინდოდა, მაგრამ მწვრთნელი არ მათამაშებდა. არადა, სანამ მოვიდოდი, წელიწადნახევარი მირეკავდა, რომ ჩემი დამატება სურდა. გუნდში მისულს სხვაგვარი დამოკიდებულება დავინახე. დამოკიდებულება რატომ შეიცვალა, საერთოდ ვერ ვხვდები. არადა, ამის გამო ბევრ სხვა გუნდზე ვთქვი უარი, მათ შორის რამდენიმე უცხოურ გუნდზე, კვიპროსის, ყაზახეთის და ბალკანურ გუნდებზე, რადგან დემჩენკოსთან მუშაობა მსურდა“.
შეგახსენებთ, რომ თამაზ მაქაცარია გასულ სეზონში 24 გოლით ლიგა 2-ის ბომბარდირი გახდა, პლუს, კონფერენს ლიგაზე „სუტიესკას“ გაუტანა, ხოლო „დილაში“ მის ანგარიშზე 3 გოლია.