მანუჩარ მარკოიშვილი ევროლიგის გუნდის, „მონაკოს“ დროებით მთავარ მწვრთნელად დაინიშნა #1TVSPORT
საკალათბურთ კლუბმა „მონაკომ“ და მთავარმა მწვრთნელმა, საშა ობრადოვიჩმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულება გაწყვიტეს, ხოლო გუნდის დროებითი მთავარი მწვრთნელი მანუჩარ მარკოიშვილი გახდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კალათბურთელი ობრადოვიჩის ასისტენტი იყო, ის მთავარი მწვრთნელის რანგში გუნდს პირველად 21 ნოემბერს საფრანგეთის ჩემპიონატში „ლიონის“ წინააღმდეგ უხელმძღვანელებს.
„ობრადოვიჩთან ერთად ჩვენი გუნდი საფრანგეთის ჩემპიონი ორჯერ გახდა, ასევე ვითამაშეთ ევროლიგის ფინალურ ოთხეულში. ჩვენი კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. საშას მადლობას ვუხდით გაწეული სამსახურისთვის. გუნდის დროებითი მთავარი მწვრთნელი მანუჩარ მარკოიშვილი იქნება“, – წერია „მონაკოს“ განცხადებაში.
„მონაკო“ ევროლიგაში 6 გამარჯვებით და 4 მარცხით ცხრილში მეშვიდე ადგილზეა, ხოლო საფრანგეთის ჩემპიონატში მეხუთე პოზიციას იკავებს – 6 მოგება, 3 მარცხი.