ლეგენდარული არგენტინელი მანუ ჯინობილი „სან ანტონიო სპურსის“ ბოლო წევრი გახდა, რომლის 20 ნომრიანი მაისურს „ეი თი ენდ თი“ (AT&T Center) არენაზე სამუდამო ადგილი მიუჩინეს.
ცერემონია ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართა. „სან ანტონიომ“ „კლივლენდს“ 116-110 მოუგო.
ჯინობილი ფანების გვერდით ტეხასური გუნდის ლეგენდებთან ტიმ დანკანთან და ტონი პარკერთან ერთად იჯდა. მატჩის დასრულების შემდეგ კი საზეიმო ცერემონია ჩატარდა, სადაც სიტყვით ტონი პარკერი, „სპურსის“ მთავარი მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი და ტიმ დანკანი გამოვიდნენ.
ბოლოს კი სან ანტონიოს გულშემატკივრებს თავად მანუ ჯინობილიმ მიმართა. ლეგენდარულმა არგენტინელმა სპორტული კარიერა მიმდინარე სეზონის დაწყებამდე დაასრულა.