მანუ ჯინობილის 2022 წელს NBA-ის დიდების დარბაზში შეიყვანენ #1TVSPORT
„სან ანტონიო სპურსის“ არგენტინელ ლეგენდა მანუ ჯინობილის 2022 წელს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) დიდების დარბაზში შეიყვანენ. ამის შესახებ წერს NBA-ის ოფიციალური ვებგვერდი.
ჯინობილიმ ლიგაში 16 წელი მხოლოდ „სან ანტონიოს“ რიგებში ითამაშა. ამ დროის განმავლობაში მან ოთხჯერ მოიგო საჩემპიონო ბეჭედი (2003, 2005, 2007, 2014), ორჯერ ითამაშა „ყველა ვარსკვლავის მატჩში“ (2005, 2011) და მიიღო საუკეთესო მეექვსე მოთამაშის პრიზი (2006). ასევე, მას მოგებული აქვს ოლიმპიური ოქროს მედალი (2004) და ევროლიგა (2001).
„ეს ის აღიარებაა, რომელსაც არასოდეს ელოდები, როცა კალათბურთის თამაშს იწყებ. მადლობა ყველას, ვინც ამ მოგზაურობისას დამეხმარა“, – ასე გამოეხმაურა „ტვიტერში“ ამ ახალ ამბავს ჯინობილი.
არგენტინელის გარდა, დიდების დარბაზში მოხვდებიან „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ ხუთგზის მონაწილე ტიმ ჰარდუეი, მწვრთნელი ჯორჯ კარლი, ქალთა NBA-ის ლეგენდა ლინდსი უეილენი, NBA-ის მსაჯი ჰიუ ევანსი, საუნივერსიტეტო კალათბურთის მწვრთნელი ბობ ჰაგინსი და ქალთა კალათბურთის მწვრთნელი – მარიან სტელი.