თბილისის „დინამოს“, რომელიც თურქეთში სეზონისწინა მოსამზადებელ შეკრებას აგრძელებს, ახალი მოთამაშე შეუერთდა – ფილიპ ორშულა.
26 წლის სლოვაკი მოთამაშე ფლანგის შემტევი ნახევარმცველია. ბოლოს ტრნავას „სპარტაკში” თამაშობდა, სხვადასხვა დროს კი „მანჩესტერ სიტის” (2008–2010), „ტვენტეს” (2010–2012) ახალგაზრდულ გუნდებში გამოდიოდა.
პროფესიული კარიერა „უიგანში” დაიწყო, მერე იყო „დუისბურგი”, ბრატისლავას „სლოვანი” და ლიბერეცის „სლოვანი”. ორშულას სლოვაკეთის 19 და 21- წლამდელთა ნაკრებებშიც უთამაშია და ქვეყნის ეროვნულ გუნდშიც, რომლის ფორმაც ორჯერ მოირგო. პირველად 2017 წლის იანვარში გამოიძახეს და აბუ დაბიში ჩატარებული ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა – დებიუტი უგანდასთან ჰქონდა, სადაც მოედანზე ძირითად შემადგენლობაში იყო და 85 წუთი ითამაშა, ხოლო შვედეთთან -ბოლო ოცდაათი წუთი.
„დინამოს” ვებგვერდის ცნობით, ფილიპ ორშულასთან დაკავშირებით სამწვრთნელო შტაბი უახლოეს მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებას.
ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ გუნდს შეკრებაზე მეკარე გიორგი მამარდაშვილი შეურთდა, რომელიც 2019 წელს „რუსთავში” იჯარით თამაშობდა.