პრემიერლიგაში მანჩესტერული დერბის შემდეგ, “ოლდ ტრაფორდის” გასახდელებისკენ მიმავალ გვირაბში ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს შორის მასიური ჩხუბი მოხდა.
კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს არ მოეწონა სტუმრების ხმამაღალი ზეიმი. კერძოდ, “სიტის” ფეხბურთელებს მუსიკა ძალიან ხმამაღლა ჰქონდათ ჩართული და გამარჯვებას ასე აღნიშნავდნენ.
პორტუგალიელმა მოუწოდა მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს, პატივისცემა გამოეხატათ მოწინააღმდეგის მიმართ, მაგრამ მასსა და “სიტის” მეკარეს ედერსონს შორის კონფლიქტი წარმოიშვა – მწვრთნელი და ფეხბურთელი ერთმანეთს პორტუგალიურ ენაზე უყვიროდნენ. მოგვიანებით, კონფლიქტს სხვა ფეხბურთელები შეუერთდნენ.
საბოლოოდ, მოურინიოს პლასტმასის ბოთლი მოარტყეს თავში და რძეც გადაასხეს, “სიტის” მეორე მწვრთნელს მიკელ არტეტას კი წარბი გაუსკდა. ჩხუბში აქტიურ მონაწილეობას იღებდა “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდი რომელუ ლუკაკუ. ჩხუბი მას შემდეგ შეწყდა, რაც საქმეში “ოლდ ტრაფორდის” დაცვის სამსახური ჩაერია.