პრემიერლიგის მე-16 ტურის ცენტრალური მატჩი – მანჩესტერული დერბი ჩემპიონატის ლიდერმა „სიტიმ“ მოიგო. პეპ გვარდიოლას გუნდმა „ოლდ ტრაფორდზე“ 2:1 დაამარცხა თანაქალაქელი „იუნაიტედი“ და ზედიზედ მე-14 მატჩი მოიგო პრემიერლიგაში.
„სიტის“ უპირატესობა გათამაშების ცხრილში კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდა – მან მეორეადგილოსან „იუნაიტედს“ უკვე 11 ქულით გაუსწრო.
მიუხედავად იმისა, რომ „იუნაიტედი“ შინ თამაშობდა, ჟოზე მოურინიოს გუნდმა ყველა სათამაშო კომპონენტში წააგო – ნაკლები ჰქონდა ბურთის ფლობა (35-65%), კარში დარტყმები (8-14), ზუსტი დარტყმები (5-7), კუთხურები (2-8).
გუნდებმა პირველ ტაიმში გოლები გაცვალეს – 43-ე წუთზე დავიდ სილვამ გახსნა ანგარიში და ეს ბურთი 45-ე წუთზე მარკუს რეშფორდმა გაქვითა.
თამაშის ბედი 54-ე წუთზე „სიტის“ არგენტინელმა მცველმა, ნიკოლას ოტამენდიმ გადაწყვიტა, რომელმაც ლუკაკუს შეცდომით ისარგებლა და გამარჯვების გოლი გაიტანა – 2:1. მატჩის მიწურულს „სიტის“ მეკარე ედერსონმა ორი „მკვდარი“ ბურთი მოიგერია და თავის გუნდს ფრე აარიდა თავიდან.