„მანჩესტერ სიტის“ TOP5 ქვეყნების ჩემპიონატებში ყველაზე ძვირადღირებული სასტარტო შემადგენლობა ჰყავს, „ნაპოლი“ მე-14 ადგილზეა, „ვალენსია“ – 56-ე ადგილზე #1TVSPORT
ინგლისის ჩემპიონის „მანჩესტერ სიტის“ სასტარტო შემადგენლობა ყველაზე ძვირადღირებულია ევროპის TOP5 ქვეყნების ჩემპიონატებში.
ეს ცნობილი გახდა CIES Football Observatory-ის მიერ ჩატარებული კვლევის შემდეგ. მან დათვალა – რა თანხები დაუჯდათ კლუბებს ის ფეხბურთელები, რომლებიც პირველივე წუთიდან გამოდიან მოედანზე ეროვნული ჩემპიონატების მატჩებში.
ამ სეზონში „მანჩესტერ სიტის“ ძირითადის შემადგენლობის ფეხბურთელთა საშუალო ფასი შეადგენს – 605 მილიონ ევროს (ამდენი დახარჯა კლუბმა ამ ფეხბურთელების შესაძენად). ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობა „სიტიმ“ „ბრაიტონის“ წინააღმდეგ მატჩში გაიყვანა – 726 მილიონი ევრო.
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სიაში მე-14 ადგილზეა – სერია A-ს ლიდერის სასტარტო შემადგენლობის ფასი 228 მილიონ ევრო შეადგენს, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ კი 56-ე პოზიციაზეა 43 მილიონი ევროთი.
ამ საინტერესო რეიტინგის TOP20 ასე გამოიყურება:
- მანჩესტერ სიტი – 605 მლნ
- პარი სენ-ჟერმენი – 510 მლნ
- მანჩესტერ იუნ – 480 მლნ
- ლივერპული – 409 მლნ
- ჩელსი – 393 მლნ
- «არსენალი – 382 მლნ
- რეალი – 370 მლნ
- ბარსელონა – 334 მლნ
- იუვენტუსი – 300 მლნ
- ბაიერნი – 294 მლნ
- ნიუკასლი – 257
- ატლეტიკო – 251
- ტოტენჰემი – 230
- ნაპოლი – 228
- ასტონ ვილა – 212
- ვულვერჰემპტონი – 202
- ვესტ ჰემი – 199
- ლიდსი – 189
- დორტმუნდი – 188
- ლესტერი – 180
აღსანიშნავია, რომ ბუნდესლიგის ლიდერის ბერლინის „უნიონის“ სასტარტო შემადგენლობა 11 მილიონი ევრო ღირს. TOP5 ქვეყნების ჩემპიონატებში მოთამაშე გუნდებიდან ყველაზე იაფი ძირითადი შემადგენლობა ჰყავთ – ფრანგულ „აიაჩოსა“ და გერმანულ „ბოხუმს“. ფასი დაახლოებით ერთ მილიონ ევროს შეადგენს. „აიაჩო“ ლიგა 1-ში ბოლოსწინა ადგილზეა, „ბოხუმი“ ბუნდესლიგაში – ბოლო ადგილზე.