„მანჩესტერ სიტის“, შესაძლოა, 70-80 ქულა ჩამოაკლონ ფინანსური დარღვევებისთვის #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტიმ“, შესაძლოა, დაახლოებით 80 ქულა დაკარგოს ფინანსური დარღვევების გამო, – ამის შესახებ დაწერა გამოცემა The Athletic-მა.
ინგლისის ჩემპიონი ემზადება 115 ბრალდებისგან შემდგარი საქმის მოსმენისთვის და შეიძლება პრემიერლიგიდან გავარდნის პირას აღმოჩნდეს, თუ მისი ბრალეულობა დამტკიცდება. ელოდებიან, რომ საქმის მოსმენა დაიწყება მომავალ კვირას და დაახლოებით 10 კვირა გაგრძელდება. კლუბში უარყოფენ ფინანსებთან დაკავშირებულ ნებისმიერ სამართალდარღვევას.
ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომლის ვინაობა არ გაცხადებულა, ელოდება, რომ ჯარიმა იქნება 70-დან 80-მდე ქულის ჩამოკლება, რაც პრაქტიკულად ჩემპიონშიფში გავარდნის გარანტიაა. გასული სეზონი „მანჩესტერ სიტიმ“ 91 ქულით დაასრულა, რაც 65-ით მეტი იყო, ვიდრე „ლუტონის“ მონაგარი, რომელიც მე-18 ადგილზე გავიდა.
კიდევ ერთმა უცნობმა წყარომ ივარაუდა, რომ საჯარიმო ქულები, შესაძლოა, სამ მომავალ სეზონზე განაწილდეს. ეს შეზღუდავს „მანჩესტერ სიტის“ შანსებს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის მხრივ.