„მანჩესტერ სიტის“ მხრიდან დიდი ინტერესი იყო, თუმცა კვარაცხელიამ „ნაპოლიდან“ წასვლა არ ისურვა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ დარჩენა ისურვა, მიუხედავად იმისა, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ დიდი ინტერესი გამოავლინა, – ამის შესახებ ლუკა კერჩიონე „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის მტკიცებით (რომელიც tvdellosport-სა და CalcioNapoli24-ში მუშაობს), „ნაპოლის“ და „სპალის“ ამხანაგურ შეხვედრას ქართველი მოთამაშის მენეჯერი მამუკა ჯუღელი იმიტომ დაესწრო, რომ ნეაპოლელთა პრეზიდენტთან, აურელიო დე ლაურენტისთან მოლაპარაკება განეახლებინა.
„ბოლო დროს კვარაცხელიაზე ძლიერი ზეწოლა იყო „მანჩესტერ სიტის“ მხრიდან, მაგრამ „ნაპოლიმ“, მათ შორის, გუნდის 77 ნომრის ნების გათვალისწინებითაც, წინააღმდეგობა გაუწია. ამიტომ დაუკავშირდა კლუბი ფეხბურთელის აგენტს, მამუკა ჯუღელს და დიმაროში მიიწვია, რომ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკება სასწრაფოდ გაგრძელებულიყო“, – წერს ლუკა კერჩიონე.
„ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელიასა და მის მენეჯერთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკება ბოლო დღეებში განაახლა, მაგრამ მიზეზად „ნიუკასლის“ ინტერესი დასახელდა – „მანჩესტერ სიტის“ აქტიურობა რომ იყო ამის საფუძველი, ეს ლუკა კერჩიონემ გაასაჯაროვა.