შესაძლოა, „მანჩესტერ სიტის“ დამატებითი სანქციები დაეკისროს ფინანსური ფეარ-პლეის დარღვევისთვის.
პრემიერლიგა დაიწყებს საკუთარ დამოუკიდებელ გამოძიებას და „სიტის“ ფინანსური ანგარიშების შემოწმებას. მთავარი ინგლისური ლიგის წესები ნაკლებად მკაცრია, ვიდრე უეფას წესები. ინგლისში დაშვებულია სამ წელიწადში 125 მილიონი ევროს ოდენობის წაგება.
ასეა თუ ისე, გაზეთ „დეილი მეილს“ მიაჩნია, რომ პრემიერლიგის ხელმძღვანელობის გამოძიება შეეხება 2012-16 წლების პერიოდს, რომლის მიმართ პრეტენზია გააჩნია უეფას. და თუ ეს გამოძიება დარღვევებს აღმოაჩენს, „მანჩესტერ სიტის“ უკანა რიცხვით შეიძლება ჩამოაკლონ ქულები და ამ შემთხვევაში, გუნდი დაკარგავს 2013-14 წლებში მოპოვებულ საჩემპიონო ტიტულს – მაშინ მანჩესტერულმა კლუბმა „ლივერპულს“ ორი ქულით გაუსწრო.
შეგახსენებთ, რომ უეფამ „მანჩესტერ სიტი“ ორი სეზონით ჩამოაშორა ევროტურნირებს და დააჯარიმა 30 მილიონი ევროთი. ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა სტადიონ „ეტიჰადის“ სასპონსორო კონტრაქტთან დაკავშირებული მაქინაციები და ფინანსური სამართლიანი თამაშის პირობების შეუსრულებლობა.