„მანჩესტერ სიტიმ“ „რეალს“ ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტიმ“ „რეალს“ ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის მეორე ფინალისტი „მანჩესტერ სიტი“ გახდა. ინგლისის ჩემპიონმა შინ 4:0 გაანადგურა „რეალი“ და ორი მატჩის ჯამში 5:1 გაიმარჯვა, რითიც თავისი არსებობის ისტორიაში მეორედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

პირველმა ტაიმმა „მანჩესტერ სიტის“ დომინირებით ჩაიარა. „რეალს“ მთელი ტაიმის განმავლობაში არცერთი ზუსტი დარტყმა არ ჰქონია, ჯამში, ერთხელ დაარტყა, როცა ტონი კროოსმა ძელს გაარტყა ბურთი. მადრიდელთა გოლის მოლოდინის ინდექსი (xG) 0.01-ს უდრიდა. „სიტიმ“ 13 დარტყმა შეასრულა, აქედან ხუთი იყო ზუსტი და ამას ბერნარდო სილვას დუბლი მოჰყვა – 2:0. პორტუგალიელის გოლებამდე ტიბო კურტუამ ორი „მკვდარი“ ბურთი აუღო ერლინგ ჰალანდს.

მეორე ტაიმში „სიტიმ“ უფრო მეტად დაუთმო ბურთი მეტოქეს და კონტრშეტევებზე გადავიდა. თუმცა, მესამე გოლი სტანდარტულიდან გავიდა მილიტაოს ავტოგოლით, ბოლოს კი, როცა თამაში მთავრდებოდა, შეცვლაზე შესულმა ხულიან ალვარესმა დაასრულა ესპანელთა განადგურება.

მაშ ასე, 10 ივნისს სტამბოლში, ფინალში ერთმანეთს „მანჩესტერ სიტი“ და „ინტერი“ შეხვდებიან.

მანჩესტერ სიტი-რეალი  4:0

გოლები: 1:0 ბერნარდო სილვა (23), 2:0 ბერნარდო სილვა (37), 3:0 ედერ მილიტაო (76-საკ. კარში), 4:0 ალვარესი (90)

მანჩესტერ სიტი: ედერსონი, უოკერი, რუბენ დიაში, აკანჯი, სტოუნზი, გიუნდოგანი (79. მაჰრეზი), დე ბრუინი (84 ფოდენი), გრილიში, ბერნარდო სილვა, როდრი, ჰალანდი.

რეალი: კურტუა, დანიელ კარვახალი (80. ვასკესი), ალაბა, ედერ მილიტაო, კამავინგა (80. ჩუამენი), მოდრიჩი (63. რიუდიგერი), კროოსი (70. მარკო ასენსიო), ვალვერდე, ვინისიუსი, როდრიგო (80. სებალიოსი), ბენზემა.