პრემიერლიგის 24-ე ტურში სენსაციურად დასრულდა მატჩი ნიუკასლში – ადგილობრივმა კლუბმა „მანჩესტერ სიტის“ სეზონში მეოთხე მარცხი აგემა – 2:1.
სტუმრებმა უკვე 24-ე წამზე გახსნეს ანგარიში, როცა კუნ აგუერომ გამოიჩინა თავი. ამის შემდეგ, „სიტის“ კიდევ არაერთი გოლის გატანა შეეძლო, ერთხელ კი იმავე აგუეროს გაუუქმეს გოლი, რომელიც არგენტინელმა თამაშგარედან გაიტანა.
მეორე ტაიმშიც თამაში მანჩესტერელთა კარნახით მიდიოდა იქამდე, სანამ სოლომონ რონდონს შემოტრიალებით ულამაზესი დარტყმა არ გამოუვიდა და ანგარიში არ გაათანაბრა. ეს 66-ე წუთზე მოხდა.
გაშვებული გოლის შემდეგ, „სიტიმ“ ტემპი გაზარდა. ერთ-ერთ ათწუთეულში ბურთის ფლობაში შეფარდება 90 პროცენტი ათის წინააღმდეგ იყო, მაგრამ სტუმრები ფერნანდინიომ დააღალატა, რომელმაც საკუთარ საჯარიმოში ბურთი დაკარგა, შემდეგ წესი დაარღვია და პენალტი „ნიუკასლიდან“ მეტ რიტჩიმ გამოიყენა – 2:1.
ასე რომ, „სიტისა“ და ლიდერ „ლივერპულს“ შორის სხვაობა ოთხი ქულა დარჩა, მაგრამ „ლივერპული“ 30 იანვარს შინ „ლესტერს“ მიიღებს და შეუძლია შვიდ ქულამდე დასცილდეს მთავარ კონკურენტს.