„მანჩესტერ სიტი“ „ლივერპულს“ საჩემპიონო დერეფანს მოუწყობს
„მანჩესტერ სიტი“ „ლივერპულს“ საჩემპიონო დერეფანს მოუწყობს

ინგლისის ჯერჯერობით მოქმედი ჩემპიონი „მანჩესტერ სიტი“ მზად არის, უზრუნველყოს საჩემპიონო დერეფანი „ლივერპულისთვის“, თუ ეს უკანასკნელი ამ გუნდების მატჩამდე გაიფორმებს ტიტულს.

პრემიერლიგის სეზონის განახლების შემდეგ, „ლივერპული“ პირველ ორ თამაშს „ევერტონისა“ და „კრისტალ პალასის“ წინააღმდეგ ჩაატარებს. თუ იურგენ კლოპის გუნდი ექვს ქულას დააგროვებს, გაინაღდებს ჩემპიონობას და შესაბამისად, 2 ივლისს მანჩესტერში ჩემპიონის რანგში ჩავა.

გაზეთ „მირორის“ ინფორმაციით, პეპ გვარდიოლა და მისი გუნდი მზად არიან პატივი სცენ მეტოქეს და მათ საჩემპიონო დერეფანი მოუწყონ. ცერემონია შეთანხმებული უნდა იყოს გუნდებს შორის და მხარეები მალე დაიწყებენ მოლაპარაკებებს.

„ლივერპულს“ 29 მატჩში 82 ქულა აქვს და 25 ქულით უსწრებს „სიტის“, რომელსაც ერთი ტურით ნაკლები აქვს ჩატარებული.