„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ისევ დაინტერესებულია მადრიდის „რეალის“ შემტევის, ისკოს ხელში ჩაგდებით.
ადრე ფეხბურთელმა რამდენჯერმე უარყო ინგლისელთა წინადადება, მაგრამ ახლა გვარდიოლა ცდილობს მომენტის გამოყენებას, რადგან ისკოსა და „რეალს“ შორის გარკვეული დაძაბულობა არსებობს. თებერვალში იტყობინებოდნენ, რომ ისკო უკმაყოფილოა თავისი სათამაშო დროით და ზოგიერთი ფეხბურთელის პრივილეგირებული მდგომარეობით.
როგორც ესპანური გაზეთი AS-ი წერს, გვარდიოლამ უკვე განიხილა კლუბის ხელმძღვანელობასთან ისკოს შეძენის საკითხი. „სიტი“ მზად არის, 86 მილიონი ევრო გადაიხადოს, ამ დროს კი ესპანელის კონტრაქტში გასაყიდ თანხად 700 მილიონი ევრო წერია.
2018 წელს ისკომ 18 მატჩიდან რვაჯერ ითამაშა ძირითად შემადგენლობაში და მხოლოდ ერთ მატჩში იყო მოედანზე მთელი 90 წუთი. ორჯერ ის მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე იჯდა.