„ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ, შესაძლოა, კარიერა „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელოს.
ესპანური და ინგლისური პრესის ინფორმაციით, „სიტი“ უარს არ ამბობს არგენტინელის ტრანსფერის იდეაზე. ინგლისურ კლუბში მიაჩნიათ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“, რომელიც ასევე პრეტენზიას აცხადებს ფეხბურთელზე, არასწორად იქცევა, როცა პრესაში ახმოვანებს მესის მიმართ ინტერესს. ადრე იტყობინებოდნენ, რომ მესის მობეზრდა ჭორები პარიზულ კლუბში მისი გადასვლის შესახებ, რადგან მას ჯერ არავისთან ჰქონია კონტაქტი.
ამასთან დაკავშირებით, „მანჩესტერ სიტი” აპირებს მოიცადოს გაზაფხულამდე და შემდეგ დაიწყოს მუშაობა ტრანსფერზე. კლუბის აზრით, ეს ნაკლებად აგრესიული სტრატეგიაა, ვიდრე „პარი სენ-ჟერმენის“. აღნიშნავენ, რომ ინგლისელები უკვე მოქმედებდნენ მსგავსი მეთოდით გასულ წელს, როცა არგენტინელი ახლოს იყო „ბარსელონადან“ წასვლასთან. მაშინ მესის შეეძლო გუნდის დატოვება, მაგრამ კიდევ ერთი სეზონით დარჩენა გადაწყვიტა.
ადრე „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა განაცხადა, რომ დარწმუნებული არ არის, რომ ლეო გუნდში დარჩება.
მიმდინარე სეზონში 33 წლის მესიმ „ბარსელონაში“ 26 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.