„ბორნმუთისა“ და „ნიდერლანდების“ ნაკრების მცველი ნათან აკე კარიერას „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელებს. ინგლისის ვიცეჩემპიონი 25 წლის ფეხბურთელის შეძენისთვის 41 მილიონ ფუნტს გაიღებს.
აკე „ბორნმუთში“ „ჩელსიდან“ 2017 წელს გადავიდა კლუბისთვის სარეკორდო თანხად – 20 მილიონ ფუნტად. მცველმა ლონდონელთა რიგებში 2012-17 წლებში ითამაშა, თუმცა, ჯამში მხოლოდ 17 მატჩი ჩაატარა. ამ პერიოდში ის იჯარით „რედინგსა“ და „უოტფორდში“ გამოდიოდა.
2019-20 წლების სეზონში აკემ 30 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი პასი შეასრულა. მის აქტივში ნიდერლანდების ნაკრებში 11 მატჩი და ერთი გოლია.