„მანჩესტერ იუნაიტედის“ სატრანსფერო სიაში გიორგი მამარდაშვილიც მოხვდა #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ახალი მეკარის ძიებაშია და დავიდ დე ხეას შემცვლელად სამი კანდიდატი შეარჩია, მათ შორის „ვალენსიას“ ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილია, – ინფორმაციას GiveMeSport-ი ავრცელებს.
„დავიდ დე ხეას „მანჩესტერ იუნაიტედი“ ზაფხულში სამი შერჩეული კანდიდატიდან ერთ-ერთით შეცვლის. ესპანელის დრო „ოლდ ტრაფორდზე“ გასულ კვირას, ევროპის ლიგაზე „სევილიასთან“ მარცხისას დაშვებული შეცდომების გამო დასასრულს მიუახლოვდა.
ერიკ ტენ ჰაგს სჭირდება მეკარე, რომელსაც შეუძლია საიმედოდ თამაში. დე ხეას შესაძლებლობები კი „მანჩესტერ იუნაიტედის“ განვითარებას აფერხებს. ამიტომ გუნდის ნიდერლანდელი მწვრთნელი ახალ კანდიდატს ეძებს.
დე ხეამ ხელფასის შემცირებაზეც უარი თქვა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი წავა. კლუბის მიერ შერჩეული სამი კანდიდატია – გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“), დიეგო კოსტა („პორტუ“) და დავიდ რაია („ბრენტფორდი“), – წერს GiveMeSport-ი.
გამოცემა ქართველის სატრანსფერო ფასსაც აკონკრეტებს: „იმის გამო, რომ „ვალენსია“ ლა ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის და დაქვეითების საფრთხის წინაშე დგას, მამარდაშვილის შეძენა რეალურ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად შეიძლება. ქართველი მეკარის ტრანსფერი დაახლოებით 45 მილიონ ფუნტად არის შეფასებული. გიორგის დამატება ასევე „ჩელსისა“ და „ტოტენჰემს“ სურთ“.