მან ბულგარელთა მწვრთნელი გაათავისუფლა - სანაკრებო კვარა-შოუ იტალიაშიც დააფასეს [ვიდეო] #1TVSPORT

იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიას თითოეულ ნაბიჯს აშუქებს. ერთა ლიგაზე 21 წლის ქართველი ფეხბურთელის გამოსვლამაც (2 მატჩში 2 გოლი, 3 ასისტი), რა თქმა უნდა, ყურადღება მიიქცია.

„ილმატინო“ – კვარა-შოუ ისევ საქართველოში

„სათამაშოდ საათი საკმარისი აღმოჩნდა და ხვიჩა კვარაცხელიამ (ბულგარეთთან) მატჩში კვალი დატოვა. ერთა ლიგაზე მას მუდმივად ამჩნევენ. „ნაპოლის“ მომავალი ფეხბურთელი საქართველოს მაისურით თამაშობს. საქართველომ გასვლაზე ბულგარეთს 5:2 მოუგო. ქართველმა გარემარბმა გოლის გატანაც მოახერხა და საგოლე პასით გამოაჩინა თავი. ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ქულების 100-პროცენტიანი რაოდენობა დააგროვა“.

„ტუტონაპოლი“

„კვარაცხელიამ ბულგარეთის მწვრთნელი გაათავისუფლა. იასენ პეტროვმა ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობა დატოვა ერთა ლიგაზე საქართველოსთან 5:2 წაგების შემდეგ“.

ღირსეული შემცვლელი

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა მაურიციო პისტოკიმ „ნაპოლის“ პარტნიორ რადიო „რადიო ნაპოლისთან“ ქართველი დაახასიათა და მას ლორენცო ინსინიეს სრულფასოვანი შემცვლელი უწოდა:

„კვარაცხელიას უმნიშვნელოვანესი ტექნიკური და ფიზიკური თვისებები გააჩნია. მას შეუძლია ინსინიეს ღირსეული მემკვიდრე გახდეს“.