მამუკელაშვილის მორიგი ბრწყინვალე მატჩი - 25 ქულა და 11 მოხსნა „ბლუ დემონსთან“ მოგებულ პრინციპულ მატჩში [ვიდეო]
სანდრო მამუკელაშვილი ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს. 21 წლის ქართველმა ფორვარდმა მორიგი ორმაგი დუბლი შეასრულა და „სეტონ ჰოლს“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. სანდროს გუნდმა „დეპოლ ბლუ დემონსს“ უმასპინძლა და მეტოქეს ანგარიშით 60:52 სძლია. მამუკელაშვილი მოედანზე საუკეთესო იყო. მან თითქმის შეუცვლელად, 38 წუთი ითამაშა და 25 ქულა, 11 მოხსნა (ოთხი შეტევაში), ოთხი პასი, ორი ჩაჭრა და ორი დაფარება მიითვალა.
ახალგაზრდა ქართველმა ფორვარდმა 13-დან რვა ორქულიანი, ექვსიდან ორი სამქულიანი და ექვსიდან სამი საჯარიმო ჩააგდო, ბურთი სამჯერ დაკარგა და ერთი პერსონალური ჯარიმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ მამუკელაშვილს „სეტონ ჰოლურ“ კარიერაში 1004 ქულა მოუგროვდა და გუნდის ისტორიაში 45-ე მოთამაშე გახდა, ვინც 1000-ქულიან ზღვარს გადააბიჯა.
„სეტონ ჰოლი“ 10 მოგებითა და ხუთი მარცხით კონფერენციაში მესამე ადგილზე იმყოფება. მამუკელაშვილის გუნდს ოთხმატჩიანი მოგებათა სერია აქვს და მისი გაგრძელება აუცილებელია, იმისათვის რომ მათ „მარტის სიგიჟეში” მონაწილეობის მიღება შეძლონ. „სეტონ ჰოლი“ მომდევნო მატჩს 21 თებერვალს, სტუმრად, „ჯორჯთაუნ ჰოიასთან” გამართავს.